პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს პროკურატურის რეფორემირების პროცესში ჩართვის წინადადებით მიმართავს.
როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პროცესში ჩართვის სურვილი უკვე გამოთქვა და პროკურატურის რეფორემირების საკითხზე მუშაობს არჩილ კბილაშვილის ორგანიზაცია.
"თუ რომელი მოდელისკენ წავალთ, ეს უნდა გვაჩვენოს მუშაობის პროცესმა. გამოიკვეთება სხვადასხვა აზრი. დღეს კონკრეტულ მოდელებზე საუბარი არის ნაჩქარევი. მთავარია, ჩამოყალიბდეს ინსტიტუციურად დაბალანსებული მოდელი, რომლის ფარგლებშიც პროკურორთან ნეიტრალიტეტი იქნება ინსტიტუციურად უზრუნველყოფილი და დაცული იქნება ანგარიშვალდებულების პრინციპი.
საუბარია იმაზე, რომ პროკურორი კიდევ უფრო დამოუკიდებელი გახდეს, მაგრამ რა თქმა უნდა, ანგარიშვალდებულების საკითხი უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვული. ჩემი ინფორმაციით, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია, იგივე არჩილ კბილაშვილის ორგანიზაცია მუშაობს ამ საკითხზე. მე მქონდა მათთან კონსულტაცია და ისინი ჩართულნი არიან ამ პროცესში. მინდა სხვა არასამთავრობოებსაც საჯაროდ მივმართო ამ წინადადებით - ყველას, ვინც დაინტერესებული იქნება ამ საკითხით, ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუღოთ კარი, მოვისმინოთ მათი აზრები, რომ ყველაზე უკეთესი, კარგად დაბალანსებული მოდელი შევიმუშაოთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.