"რეზონანსის" მასალების მიხედვით
"ფაქტები, რომელსაც ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ავრცელებენ, მართლაც საგანგაშოა. ლონდონში არსებული ორგანიზაციის - "ციხეების შესწავლის საერთაშორისო ცენტრის" (International Centre for Prison Stadies) მონაცემებით, 2003 წელს 100 ათას მოსახლეზე 148 პატიმრის მაჩვენებლით, საქართველო 59-ე ადგილს იკავებდა 155 სახელმწიფოს შორის. 2012 წლისთვის კი 100 ათას მოსახლეზე 539 პატიმრით საქართველო უკვე მეოთხე ადგილზეა 216 ქვეყანას შორის. ამ მხრივ საქართველომ უკვე გაუსწრო მე-6 ადგილზე მყოფ რუსეთს, რომელიც მანამდე მესამე ადგილს იკავებდა. ევროპის მასშტაბით, იგივე მონაცემების მიხედვით საქართველო უკვე პირველ ადგილს იკავებს და რუსეთი აქაც უკან ჩამოიტოვა. ამ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი" ავრცელებს", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით საქართველო პირველ ადგილზეა ევროპაში - პატიმრების რაოდენობის მიხედვით / მსოფლიოში კი 100 ათას მოსახლეზე პატიმართა რაოდენობით მეოთხე "საპატიო" ადგილზე ვართ.
"როგორც "ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებაშია ნათქვამი, "საქართველოს ხელისუფლების მიერ 2006 წელს გამოცხადებული "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკა კვლავ გრძელდება და სისხლის სამართლის სისტემის ლიბერალიზაციაზე საუბარი, სამწუხაროდ, მხოლოდ საუბრად რჩება. ქართულ ციხეებში პატიმართა რაოდენობა კი ყოველდღიურად იზრდება. როგორც წარმოდგენილი მონაცემებიდან ჩანს, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ ნადვილად "დაამარცხა" რუსეთი და წინ გაუსწრო მას. თუ ასე გაგრძელდა, საქართველომ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ანტირეკორდი შეიძლება დაამყაროს. საინტერესოა, რომ საქართველოში ჩატარებული ყველა ე.წ. დამოუკიდებელი კვლევა და საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში კრიმინალის შემცირებაზე მიუთითებს, ხელისუფლება ხშირად ცდილობს, საქართველო "ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად" წარმოაჩინოს, თუმცა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ციფრები, ფაქტობრივად, საპირისპიროს ამტკიცებს", - აღნიშნავს გამოცემა.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიწყოს სისხლის სამართლის პოლიტიკის რეალური ლიბერალიზაცია და უარი თქვას მოჩვენებით, კოსმეტიკურ ცვლილებებზე. საპატიმროების გადატვირთულობის აღმოსაფხვრელად, ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს ამ პრობლემის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა. შესაბამისად, დღის წესრიგში უნდა მოხვდეს: სასამართლო პრაქტიკაში სასჯელთა შეკრებადობის პრინციპის გაუქმება; საზოგადოებისთვის ნაკლებად საშიში დანაშაულების დეკრიმინალიზაცია და ზოგადად, "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის შეცვლა ჰუმანური პოლიტიკით; არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიება; პატიმართა რესოციალიზაციის მიზნით დასაქმების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება; არასრულწლოვან პარტიმართა მდგომარეობის გაუმჯობესება; სასწავლო და სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება; პატიმართა ჯანმრთელობის უფლების დაცვა; საპატიმროებში საზოგადოებრივი მონიტორინგის დაშვება და ევროკავშირის სტანდარტებთან შეუსაბამო კანონმდებლობის შეცვლა", - დასძენს გამოცემა.
"არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას პირნათლად შეასრულოს ევროპარლამენტის 2011 წლის 17 ნოემბრის რეზოლუცია, რომელიც შეიცავს ევროპარლამენტის რეკომენდაციებს მინისტრთა კაბინეტის, ევროკომისიისა და ევროკავშირის საგარეო ქმედებების სამსახურის მიმართ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების თემაზე გასამართი მოლაპარაკებების შესახებ - ამ რეზოლუციით, ევროპარლამენტი "მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს არსებული პირობები ციხეებსა და დაკავების ცენტრებში, გააგრძელოს სახალხო დამცველის მხარდაჭერა უფლებადარღვევის ფაქტების მონიტორინგის დროს და გაუადვილოს სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადანცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ციხეებსა და დაკავების ცენტრებში ადამიანების მონახულება", - წერს სტატიის ავტორი.
896
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85