"საყდრისის მცველებმა" პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შეხვედრა გამართეს

"საყდრისის მცველებმა" პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დავით პატარაიასთან შეხვედრა გამართეს. როგორც "ინტერპრესსნიუსს" შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ არასამთავრობო ორგნაზიცია "მწვანე მუშტის" წარმომადგენელმა სალომე ჭანტურიძემ განუცხადა, შეხვედრაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებს საყდრისის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ჭანტურიძის ინფორმაციით, მათ პრეზიდენტს მისი კომპეტენციიდან გამომდინარე საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს.

გარდა ამისა "საყდრისის დამცველების" ინფორმაციით, მათ პრეზიდენტს კულტურის პოლიტიკის შემუშავებაში მთავრობასთან შუამდგომლობაც შესთავაზეს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტი საკუთარ პოზიციას უახლოეს დღეებში დააფიქსირებს.

"საყდრისის დამცველები" 13 დეკემბრიდან პერმანენტულ აქციებს მართავენ. ისინი 2014 წლის 12 დეკემბრის მინისტრისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ბრძანებას აპროტესტებენ, რის საფუძველზეც "არემჯი გოლდმა" სამთო მოპოვებითი სამუშაოები საყდრისი-ყაჩაღიანის #1 სალიცენზიო უბანზე განაახლა.