ვანო პავლიაშვილი, „ქართული სიტყვა“
ყველა ჯურისა და ყაიდის პოლიტოლოგი თუ ექსპერტი თანხმდება, რომ 2012 წელი ქართული პოლიტიკისთვის გარდამტეხი იქნება, თუმცა ამ “გარდატეხვას” ყველა თავისებური სცენარით პროგნოზირებს. ბოლო დროს პოლიტიკურ წრეებში განსაკუთრებით პოპულარულია ვერსია, რომ არჩევნებამდე, მინიმუმ, ერთი თვით ადრე, ანუ 2012 წლის აგვისტოს ბოლოს, ან სექტემბრის დასწყისში მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგება და “ნაცმოძრაობის” საპარლამენტო სიას ჩაუდგება სათავეში, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სააკაშვილი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის ემზადება, თუმცა პოლიტკონსულტანტ ვალერიან გორგილაძეს “რეინკარნაციის თეორიის” მაინცდამაინც არ სჯერა. ამასთან, გორგილაძე, რომელიც 2005 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 100 საუკეთესო პოლიტტექნოლოგთა შორის დასახელდა, მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილის მომავალი პოლიტიკური საქმიანობა “ნაცმოძრაობის” რამდენიმე გავლენიანი პერსონის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული... აქვე, შეგახსენებთ, რომ ვალერიან გორგილაძეს წარმატებულად აქვს განხორციელებული მონღოლეთის საპრეზიდენტო, რუსეთის საგუბერნატორო, მერებისა და სხვადასხვა დონის დეპუტატების, ლატვიური სეიმისა და უკრაინული რადას 25-მდე საარჩევნო კამპანია...
2012 წელი ერთობ საინტერესო პროგნოზით დაიწყო, რომლის თანახმადაც, საპარლამენტო არჩევნებამდე მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს დატოვებს და “ნაცმოძრაობის” საარჩევნო სიის პირველი ნომერი გახდება. ბატონო ვალერიან, იაზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას და, საერთოდ, მოვლენების ამ სცენარით განვითარება სააკაშვილს ხელს რატომ აძლევს, ან არ აძლევს?
- უდავოდ, საინტერესო ვარაუდია, მაგრამ მგონია, რომ ამ პროგნოზს ასრულება არ უწერია.
რატომ?
- საქმე ისაა, რომ მთელი ეს ვარაუდები და პროგნოზები ერთ მთავარ, ასე ვთქვათ, დაშვებას ეფუძნება - სააკაშვილი აუცილებლად შეეცდება პერსონალური ძალაუფლების შენარჩუნებას, მაგრამ ვეჭვობ, დარწმუნებით თავად სააკაშვილმაც არ იცის, ღირს თუ არა ძალაუფლებისთვის შემდგომი ბრძოლა. საერთოდ, ძალაუფლების შენარჩუნება ორ ასპექტში უნდა განვიხილოთ: პერსონალური ძალაუფლების და არსებული სახელისუფლებო ელიტის ძალაუფლების შენარჩუნება. ამ თვალსაზრისით, არსებული პოლიტიკური ელიტისთვის ძალაუფლების შენარჩუნება მიზანია. ამ მიზნის მიღწევაში კი, სააკაშვილის რიგითი პოლიტიკური რეიკარნაციის დაშვება მხოლოდ ერთ-ერთი შესაძლო ამოცანაა. თუ სახელისუფლებო ელიტაში მიღწეული იქნება კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ლეგიტიმურობის უზრუნველყოფით, ან სხვა ფაქტორების მეშვეობით, ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს, ის ძალაუფლებისთვის ბრძოლას უდაოდ გააგრძელებს, მაგრამ თუკი სახელისუფლებო ელიტა სააკაშვილის ფაქტორს ღუზად, ან მნიშვნელოვან დაბრკოლებად ჩათვლის, ამ შემთხვევაში, შეიძლება “ნაციონალური მოძრაობიდან” სხვა ლიდერი, ან ლიდერთა კოჰორტა ვიხილოთ.
ეს “სხვა ლიდერი”, ან “ლიდერთა კოჰორტა” ვინ იქნება?
- გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი, დავით ბაქრაძე - თითოეული ეს პერსონა განსხვავებული პოლიტიკური წონის მქონეა, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა ეს ადამიანი შეეცდება, მომავალ სახელისუფლებო სამკუთხედში - პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ადგილი დაიკავოს.
მაშასადამე, გამოდის, რომ ზემოხსენებული პერსონები, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით, ანუ წმინდა კარიერისტული ამბიციის გამო, სააკაშვილს გაწირავენ?
- არა, რატომ გაწირავენ? თუ ამ ადამიანებმა და თავად სააკაშვილმაც დაინახა, რომ არ უნდა “წავიდეს” პრემიერობაზე, არ წავა. ისე, მგონია, რომ სააკაშვილი “ნაციონალების” ლიდერად დარჩება და მართვას იქიდან შეეცდება.
ვანო, მოდით, ახლა ისევ თქვენს პირველ შეკითხვას დავუბრუნდეთ და წარმოვიდგინოთ, რომ სახელისუფლებო ელიტამ გადაწყვიტა, ფსონი ისევ სააკაშვილზე დადოს.
და ასეთ დროს რა ხდება?
- სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტს ტოვებს და “ნაცმოძრაობის” საპარლამენტოს სიას სათავეში იმისთვის უდგება, რომ მომავალ პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავოს?
თუკი სააკაშვილმა პრეზიდენტის პოსტი, მართლაც, დატოვა, ეს იქნება თუ არა “საქართველოს პუტინიზაცია”, ან რა გარანტია აქვს სააკაშვილს, რომ “ნაცმოძრაობა”, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კლანისგან შედგება, სიის პირველ ნომრად დაასახელებს?
- მიხეილ სააკაშვილი ან იქნება პრემიერი, ან არც ერთი ინსტიტუციურად დატვირთული თანამდებობის მქონე პერსონა არ გახდება. ვიმეორებ: ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე ადამიანი აბსოლუტურად პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე მიიღებს. მნიშვნელოვანია ისიც, თუ როგორი საერთაშორისო კონიუქტურა ჩამოყალიბდება იმ პერიოდისთვის. საპარლამენტო არჩევნების კონკრეტული პერიოდის დასახელებაც ამ გარემოებაზე მეტყველებს, ანუ მიხეილ სააკაშვილი იგებს დროს.
რას გულისხმობთ?
- მოგეხსენებათ, წელს არჩევნები 30-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მსოფლიო პოლიტიკური კლასის ძირეული გადახალისების პროცესის წინაშე ვდგავართ. ამას ემატება მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც წელს ახალ ფაზაში შევა და უცილობლივ მოახდენს გლობალურ გავლენას მსოფლიო პოლიტიკაზე. ამასთან, მოსალოდნელია ექსკალაცია ახლო აღმოსავლეთში... რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები, ძირითად ევროპელ ქვეყნებში ახალი ლიდერების გამოჩენის მოლოდინი, ნოემბერში ამერიკის შეერთებულ შტატებში მოსალოდნელი რესპუბლიკური რევანში... ყველა ეს ფაქტორი დიდ გავლენას მოახდენს საქართველოს პოლიტიკურ სისტემაზე, რომელიც მომდევნო ორი წლის განმავლობაში უსათუოდ შეიცვლება.
არსებობს თუ არა “ნაცმოძრაობის” დაშლის ალბათობა, ანუ თუკი შიდა დაპირისპირება მართლა არსებობს, მოვლენები როგორ განვითარდება?
- დაშლის ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ მიმაჩნია, რომ “ნაციონალური მოძრაობა” უფრო მდგრადი სტრუქტურაა, ვიდრე ადრე არსებული, მაგალითად, “მრგვალი მაგიდა”, ან “მოქალაქეთა კავშირი”. იდეოლოგიური და მსოფლმხედველური ასპექტების გარდა, ამ პოლიტიკურ კორპორაციას აერთიანებს კაპიტალი და ძალაუფლება. ერთიც და მეორეც მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთის დაკარგვა ავტომატურად მეორის დაკარგვასაც ნიშნავს.
ჩვენი პოლიტიკური სისტემა პარტიული ნომენკლატურით დაკომპლექტებულ ბიუროკრატ კაპიტალისტებზე დგას. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ავატარის მეშვეობით იმართება ესა თუ ის ბიზნესი, ყველამ ვიცით, რომ არსებული პოლიტიკური კლასი სარგებლობს ტოტალური წილით, განსაკუთრებით, - მსხვილ ბიზნესში. ამდენად, ამ პოლიტიკური კორპორაციის დაშლა რთული პროცესია და შეიძლება, დაკავშირებული იყოს მხოლოდ ცალკეული, წონიანი პერსონების გადაბირებასთან.
გადაბირება როგორ მოხდება?
- რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური და, ფართო გაგებით, ეგზისტენციალური გარანტიების უზრუნველყოფით.
“ნაცმოძრაობის” შესაძლო რყევები ოპოზიციურ სპექტრზე, კონკრეტულად, ე.წ. ივანიშვილის ორბიტაზე დადებითად იმოქმედებს თუ უარყოფთად?
- რყევები ორივე ბანაკშია მოსალოდნელი. ორ მსხვილ პოლიტიკურ ცენტრს შორის ეს უსასტიკესი ბრძოლა, ბუნებრივია, ორივე ძალის მცდელობებს განაპირობებს, რათა გადაიბიროს თავისი მოწინააღმდეგის გავლენიანი და წონიანი კონტინგენტი. როგორც კი რომელიმე პოლიტიკური ძალა მოიპოვებს შესამჩნევ უპირატესობას, უმალ გავხდებით პოლიტიკური მიგრაციის მოწმენი. რომელიმე წონიანი პერსონის, ან პიროვნებათა ჯგუფის ერთი ბანაკიდან მეორეში გადასვლა შეიძლება, ამ ბრძოლაში გადამწყვეტი ფსიქოლოგიური უპირატესობის მოპოვების საფუძველი გახდეს. ამით აიხსნება ის გარემოებაც, რომ ჩემი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაძლიერებულია კონტროლი სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამშრომლებზე. მეორე მხრივ კი, ბიძინა ივანიშვილის შტაბ-ბინიდან ადგილი აქვს სხვადასხვა მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის გაჟონვას.
კონტროლის პალატის მიერ პარტიების ფინანსური შემოწმება არის თუ არა პოლიციური სახელმწიფოს კიდევ ერთი ნიშანი?
- მოდით, ვთქვათ, რომ ეს ლეგიტიმური ძალადობისა და პოლიტიკური დევნის მექანიზმია, რომელსაც ხელისუფლება ფართოდ იყენებს და კვლავაც გამოიყენებს. ფსონი ძალიან დიდია და ამასთან დაკავშირებით არავის უნდა ჰქონდეს ხავერდოვანი ილუზია.
909
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85