შალვა რამიშვილი -

შალვა რამიშვილი - "სააკაშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ყველას დაგვერხევა"


"დავიწყოთ იმით, რომ არ არხებს კარგა ხანია აღარ ვაკრიტიკებ. პოლარიზება მედიაშიც მოხდა და შესაბამისად, უკვე აზრი არ აქვს მათ კრიტიკას - ყველასთვის ყველაფერი ცხადია და ყველამ გაიგო, რომ ისინი არიან პროპაგანდისტული მანქანები. მეორე, როდესაც ვამბობ, რომ მომწონს ბიძინა ივანიშვილი, მის გარეგნობას კი არ ვგულისხმობ - მე ვამბობ იმას, რომ ქვეყანაში არის ექსტრაორდინარული ვითარება, სააკაშვილის სახით ჩვენ გვაქვს საქმე მოდიქტატორო ელემენტთან, რომელსაც უკვე ფსიქიკური გადახრის ნიშნები აქვს - ვგულისხმობ მის ბოლო გამონათქვამებს ვამპირებსა და მუმიებზე. შესაბამისად მედიაში უკვე იმ სტანდარტების დანერგვის დრო, რომელიც მუშაობს დანიაში ან შვეიცარიაში, ასევე ამ სტანდარტებით მუშაობის დრო და ვითარება საქართველოში არ არის. ქვეყანა, ჩვენი ოჯახები არის გადასარჩენი", - აცხადებს ჟურნალისტი შალვა რამიშვილი გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "სააკაშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ყველას დაგვერხევა" / რატომ არ თვლის საჭიროდ შალვა რამიშვილი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვას.

"ეს არის და ეს, ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი - დედა ვატირე ყველა მედიასტანდარტის-თქო. ეს ყველას უნდა ესმოდეს. ვითარება ახლა არის არაორდინალური. სააკაშვილი რომ დარჩეს ხელისუფლებაში, ყველას დაგვერხევა - მეც, თქვენც, "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებსაც და ყველას. მე ვამბობ მარტივად, ადრინდელთან ანალოგის გავლება არ შეიძლება, იმიტომ, რომ მაშინ "რუსთავი 2" იყო უშუალოდ პროცესის მონაწილე მხარე, პოლიტიკას აკეთებდა. ამასთან, მაშინ იყო დემოკრატია, მაშინ არ იყო ასეთი ავტორიტარიზმი, ვითარება იყო რადიკალურად განსხვავებული. ახლა ჩვენ გვაქვს საქმე ავტორიტართან, რომელიც ზღუდავს მედიას, დემოკრატიას და გვაქვს უბედურებასთან საქმე, რომელიც სადაცაა კარგს მოგვადგება. ვგულისხმობ იმას, რომ 2013 წლის მერე ეს კაცი შეიძლება კვლავ დარჩეს ხელისუფლებაში და ის სიგიჟეები აკეთოს, რასაც აკეთებს. მაშინ შევარდნაძის ეპოქა სრულდებოდა, შევარდნაძეს ქვეყანა ჭაობში მიჰყავდა, მაგრამ ასეთი საფრთხე ქვეყანას არ ემუქრებოდა, რადგანაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც მის ხელისუფლებას განასხვავებს სააკაშვილის ხელისუფლებისგან და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი - თავისუფლება - დავკარგეთ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი.

"... არ არის საჭირო იმ ემოციების დამალვა, რაც ჟურნალისტს აქვს. ფაქტების გადმოცემაზე არ ვსაუბრობ. ფაქტების გადმომცემი ჩემთვის ჟურნალისტია, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის ინტერპრეტატორი, მიმომხილველი ადამიანი, რომელიც რაღაც ანალიზს და დასკვნებს აკეთებს. ამ ადამიანის განწყობა უნდა ჩანდეს. არ უნდა შეინიღბოს იმ ადამიანის განწყობა, რომელიც თემაზე მუშაობს. მედიასაშუალებებში საღად მოაზროვნე ადამიანები მუშაობენ და ისინი ამ სტანდარტების ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდნენ და აკეთონ საქმე", - მიიჩნევს რესპონდენტი.

"არ სვამთ კითხვას სწორად - ბიძინა ივანიშვილის მჯერა, რას ნიშნავს? მე არ ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდში და არც ვიქნები. მე მჯერა ერთი რამის, რომ ბიძინა ივანიშვილი შეძლებს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარების რადიკალურად შეცვლას. ივანიშვილი არ მოვა 96%-ით, ეს ვიცი, შეუძლებელია რომ მოხდეს. ივანიშვილის გუნდიც არ არის ერთიანი, ის პარტიები, რომელიც შედის ივანიშვილის პოლიტიკურ გაერთიანებაში, სხვადასხვა შეხედულებების არიან. დღეს განსხვავება ძალიან დიდია. "ნაციონალურ მოძრაობას" არ ექნება უმრავლესობა, "ნაციონალური მოძრაობა" არ იქნება ერთადერთი ძალა ამ ქვეყანაში და და ქვეყანაში იქნება პლურალიზმი და დემოკრატია. თორემ, შესალოა ივანიშვილის პოლიტიკური შეხედულებების გარკვეულ ნაწილს არც ვეთანხმებოდე. ივანიშვილი სიტუაციის შეცვლას შეძლებს იმიტომ, რომ რა კანონებსაც ესენი იღებენ, ამით საკუთარ თავს უთხრიან ორმოს და ამ ორმოში თავად აღმოჩნდებიან. ფულს ვერ აკრძალავენ და ვერ გააუქმებენ. კანონით ყველა შეზღუდვაზე მოიძებნება ამ კანონის კანონიერადვე გვერდის ავლის 10 გზა", - აცხადებს შალვა რამიშვილი და შეკითხვას - "ის ტელეპროექტები, რომელსაც პირდაპირ აფინანსებს ივანიშვილი, ვგულისხმობ "ბანანის რესპუბლიკას", როგორ ფიქრობთ, ახალი კანონი ამაშიც ხომ არ შეგიშლით ხელს?"- პასუხობს:

"გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეზღუდავს, ვერანაირი კანონი. მაგრამ თუ სააკაშვილი მაინც რამეს გადაწყვეტს, კი ბატონო, ვიომოთ"