ვინ შეურაცხყო თალიბების გვამები?

ვინ შეურაცხყო თალიბების გვამები?


ავღანეთში ანტიამერიკული განწყობა გააძლიერა ვიდეოჩანაწერმა, რომელზეც ასახულია, როგორ შეურაცხყოფს ოთხი ამერიკელი ჯარისკაცი თალიბი მეომრების გვამებს - როგორ აშარდავს მათ... აშშ-ის საზღვაო კორპუსი აცხადებს, რომ დაწყებულია გამოძიება და ჯერ არ არის დადასტურებული ვიდეოჩანაწერის წარმომავლობა, ან მისი ავთენთურობა.

„ვინც უნდა იყოს და რა გარემოებებშიც უნდა ხდებოდეს - რასაც ვიცით, რომ ამჟამად იძიებენ - საქმე ეხება აღმაშფოთებელ საქციელს, რომელიც მიუღებელია სამხედრო ძალების წევრისათვის“ - ამ განცხადებით გამოეხმაურა პენტაგონის პრესმდივანი, ჯონ კირბი სკანდალურ ვიდეოჩანაწერს. მასზე ასახულია აშშ-ის საზღვაო ქვეითების ფორმით შემოსილი ოთხი მამაკაცი იარაღითა და ჩაფხუტებით. ისინი ინგლისურად ლაპარაკობენ, ამერიკული აქცენტით, და იცინიან, როცა აშარდავენ სამი წვერიანი მამაკაცის გვამებს.

ჯერ უცნობია, ვინ გააკეთა ეს ჩანაწერი და ვინ გაავრცელა ინტერნეტში, მაგალითად, პოპულარულ ვებსაიტ „იუტიუბზე“. მაგრამ ისმის ჩანაწერის გამკეთებლის ხმა - ისიც ამერიკული ინგლისურით ლაპარაკობს - და ჩანს მისი ხელთათმანი, რომელიც, სავარაუდოდ, სამხედრო ფორმის ნაწილია.

ვიდეოჩანაწერის გავრცელების შედეგად კიდევ უფრო გართულდა ვაშინგტონის ისედაც რთული ამოცანა ავღანეთში, ხელი შეუწყოს თალიბანთან შერიგების პროცესს, როცა ქვეყანას ეტაპობრივად ტოვებენ უცხოელი, მათ შორის ამერიკელი სამხედროები. თალიბანი მიმდინარე თვეში დაყაბულდა კატარში პოლიტიკური ცენტრის გახსნას, საერთაშორისო თანამეგობრობასთან მოსალაპარკებლად, თუმცა, თან მოითხოვა თავისი თანამებრძოლების გათავისუფლება გუანტანამოს ამერიკული სამხედრო ბაზიდან.

ავღანელი თალიბების პრესმდივანმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ხუთშაბათს „ბარბაროსობა“ უწოდა დაღუპულების შეურაცხყოფას, თუმცა, საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, აღნიშნა, რომ „ვიდეოჩანაწერი არ მიაყენებს ზარალს მოლაპარაკებებსა და ტყვეების გაცვლას“, რადგან პოლიტიკური პროცესი საწყის ეტაპზეა. ამჟამად კი თალიბები კვლავინდებურად აგრძელებენ შეიარაღებულ ბრძოლას.

ვიდეოჩანაწერმა ბევრი ავღანელი აღაშფოთა, მათ შორის თალიბანის მიმართ კრიტიკულად განწყობილებიც. ჩვენი რადიოს კორესპონდენტები რამდენიმე ადამიანს გამოელაპარაკნენ. მაგალითად, ყანდაარელ ამანულას სჯერა, რომ გაუარესდა სამშვიდობო პროცესის პერსპექტივა: „ჩვენ ვგმობთ ამერიკელი ჯარისკაცების ამ ქმედებას - თალიბანის მებრძოლების გვამებზე მოშარდვას. ეს დააზარალებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს, დაუშვას სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთში და ამ საქციელის გამო კიდევ უფრო მეტი ტანჯვა მოგველის ამ ქვეყანაში“.

ყანდაარშივე ცხოვრობს თავაბ ხანი, რომელიც მოითხოვს ვიდეოჩანაწერზე ასახული ჯარისკაცების ვინაობის დადგენას და მათს გასამართლებას: „ჩვენ, ყველა მუსულმანი ვგმობთ უცხოელი ჯარისკაცების ამ საქციელს - თალიბების გვამებზე მოშარდვას. ეს ეწინააღმდეგება ისლამსა და საერთაშორისო თანამეგობრობის როლს. გვსურს, ადამიანის უფლებათა კომისიამ მიმართოს ზომებს ამ სასტიკი ქმედების წინააღმდეგ და დააპატიმროს ამ ინციდენტის დროს დანაშაულის ჩამდენი პირები“.

ქაბულელი ფედა მოჰამადი კონკრეტული პირების სამართლებრივი დევნის მოთხოვნაზე უფრო შორს მიდის და მოითხოვს, ავღანეთიდან გაიყვანონ ყველა უცხოელი ჯარისკაცი: „ამერიკელმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც მუსულმანთა გვამებზე მოშარდეს, დანაშაული ჩაიდინეს. და რახან ასეთი დანაშაული აქვთ ჩადენილი, აღარ გვინდა, რომ ისინი ჩვენ მიწაზე დარჩნენ. არ გვინდა უცხოელი ჯარისკაცები ჩვენს მიწაზე! ისინი უნდა წავიდნენ“...

ავღანეთში ანტიამერიკული განწყობა აქამდეც ბევრჯერ გამოუხატავთ. ის ძალადობაშიც გადაზრდილა - მაგალითად, ორჯერ მოჰყვა არეულობა ყურანის შეურაცხყოფად აღქმულ ქმედებას. ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც გამოხატავს მთავრობის „ღრმა შეშფოთებას“ ჩანაწერთან დაკავშირებით.