"ყველა სიახლის" მასალების მიხედვით
"დამფუძნებელი ყრილობა, ალბათ, იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში გაიმართება. ველოდებით, რომ ბატონ ბიძინას აღუდგება მოქალაქეობა, რაც მისცემს საშუალებას, პირადად ჩაუდგეს პარტიას სათავეში. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია: სააკაშვილი და მისი ჯიბის პარლამენტი კანონებს და გადაწყვეტილებებს იღებენ იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს და როგორ იქცევა ბიძინა ივანიშვილი: როცა ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა, მეორე დღეს პრეზიდენტმა ბრძანებულების ის ნაწილი შეცვალა, რომელიც მოქალაქეობის მინიჭების ვადებს აწესებდა. ეს ყველაფერი სასაცილოა. ჩემმა კოლეგა გიორგი მარგველაშვილმა კი განაცხადა, სააკაშვილს ისე ეშინია ივანიშვილის, შეიძლება მალე ფულიც კი გააუქმოსო...", - აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული ოცნების" წევრი ირაკლი სესიაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ბიძინა ივანიშვილის პარტიის დამფუძნებელი ყრილობა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში გაიმართება".
"არ არსებობს კანონიერი საფუძველი იმისთვის, რომ ბატონ ბიძინას ამაზე უარი უთხრან. რა თქმა უნდა, თუ არ მიიღებენ სპეციალურ კანონს, რომელშიც ჩაწერენ, რომ მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს არა აქვს საქართველოს მოქალაქეობის მიღების უფლება... მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ივანიშვილი პარტიის წევრი და ლიდერი, ის მაინც ასოცირდება გარკვეულ პოლიტიკურ პროცესებთან და ადამიანს, რომელიც საარჩევნო უბანზე მივა, კარგად ეცოდინება, ვის აძლევს ხმას. თუმცა დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების დამოკიდებულება შეიცვლება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთი თავის სიტყვას იტყვის: აქამდე ამერიკაც და ევროპაც თუ მოკრძალებულად აკრიტიკებდნენ ხელისუფლებას დღეს ამას დაუფარავად აკეთებენ - დარწმუნებული ვარ, მომავალში დასავლეთის პოზიცია უფრო მკვეთრი იქნება, სააკაშვილის ეს დიქტატორული მოქმედებები - კანონისა და კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგება, როგორმე რომ გააჩერონ", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
"როდესაც "პოლიტიკური ორგანიზაციების შესახებ კანონში" ცვლილებები შეიტანეს და კანონს უკუქმედების ძალა მისცეს, ამერიკის ელჩმა, რომელიც, ფაქტობრივად, შვებულებაში იყო, განცხადება გააკეთა საჯაროდ, ისე, რომ ეს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისთვის მოულოდნელი იყო და იძულებული შეიქნენ, უკან დაეხიათ... ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ აქვს ორი იარაღი: პირველი - ყველა დაადანაშაულოს რუსეთთან კავშირში, რადგანაც რუსეთი მტერია და მასთან კავშირი ავტომატურად ქვეყნის მტრობას ნიშნავს. ეს ყველაზე ნაცადი ხერხია, მაგრამ უკვე ხედავენ, რომ ამან ივანიშვილზე არ გაჭრა. ივანიშვილის შესახებ საზოგადოებამ იმდენი კარგი რამ იცის, ვერავინ იჯერებს, რომ ის რამე ანტიქართულ პროექტს მოჰკიდებდა ხელს. ამიტომაც აამუშავეს მეორე მანქანა, რაც ნიშნავს ძალადობას, ფინანსების შეზღუდვას, მაგრამ ესეც არ ჭრის. ეს რომ ჭრიდეს, სააკაშვილი შეწყვეტდა პარლამენტის გზით იდიოტური კანონების მიღებას", - მიიჩნევს რესპონდენტი.
"ივანიშვილის ძალა არ არის ფული, ფული არის ერთ-ერთი საშუალება საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და ინსტრუმენტი პოლიტიკური ამოცანების საზოგადოებამდე მისატანად. ივანიშვილის ძალა მის პიროვნებაშია. შავი ფულით არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" მონაწილეობს და ამის დამტკიცებაც შემიძლია - ბოლო არჩევნებზე სახელისუფლებო პარტიამ 14 მილიონი ლარი დახარჯა, აქედან, ოფიციალური ინფორმაციით, 80 პროცენტი წავიდა რეკლამაზე. არადა, მხოლოდ აგიტატორებს "ნაცმოძრაობამ" თითქმის 9 მილიონი ლარი გადაუხადა, აღარაფერს ვამბობ გაუთავებელ ვოიაჟებსა და სხვა პარტიულ საქმიანობაზე. საიდან მოვიდა ეს დანარჩენი მილიონები? სავარაუდოდ, გაიწერა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, ზოგი მერიაში გააფორმეს, ზოგი - სამინისტროში და ა.შ.", - დასძენს ირაკ ლი სესიაშვილი.
"ხელისუფლება კულუარებში ამ დრაკონული კანონების მიღებას იმით ამართლებს, ივანიშვილს დიდი ფინანსური შესაძლებლობები აქვს და ეს არათანაბარ პირობებში ამყოფებს დანარჩენ პარტიებსო - `ნაცმოძრაობამ~ წინა არჩევნები გაიხსენოს, როდესაც მათი ფინანსები მთელი ოპოზიციური ძალების ფინანსებს თითქმის 10-ჯერ აღემატებოდა. ეს ოფიციალურად, არაოფიციალურად კი, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტი დახარჯეს. იმხანად რატომ არ ფიქრობდნენ ერთნაირ სასტარტო პირობებზე? თუ გადახედავთ "ნაცმოძრაობის" წლევანდელ ბიუჯეტს, რომელიც ასევე რამდენიმე მილიონია, დაინახავთ, რომ ყველა იმ ორგანიზაციისგან აქვთ მიღებული შემოწირულობა, რომელსაც მანამდე მოგებული აქვს სახელმწიფო ტენდერები. რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ აქ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან და ე.წ. "ატკატთან". ანუ, ამ ორგანიზაციებს სახელმწიფო ტენდერებს აგებინებენ, აძლევენ ფულს, მისი დიდი ნაწილი შემდეგ "ნაცმოძრაობას" რომ ჩაურიცხონ", - აცხადებს რესპონდენტი და შეკითხვას - "თუმცა ხელისუფლება პარტიების დაფინანსების მკაცრ მონიტორინგს გეგმავს...", პასუხობს:
"ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, დაფინანსების წყაროებიც და დანახარჯიც საზოგადოებისთვის ყოველთვის გამჭვირვალე იქნება, ამისთვის კონტროლის პალატის მოთხოვნა ნამდვილად არ გვჭირდება. იმავეს ვურჩევთ სხვა პოლიტიკურ ძალებსაც. უკანონოდ ერთი თეთრიც არავის ჩარიცხვია, ეს რომ ასე არ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, უკვე რა ძალით ამოქმედდებოდა სააკაშვილის რეჟიმის სადამსჯელო მანქანა. მე მაინც მგონია, რომ ეს ცვლილებები კანონში მიზანმიმართულია იმისკენ, რომ ხელისუფლებამ აკონტროლოს, სად და რამდენს ხარჯავენ პოლიტიკური პარტიები და ამის მიხედვით გამოიცნონ ოპონენტთა გეგმები".
763
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85