მიიღებს თუ არა საქართველო თავდაცვით შეიარაღებას ამერიკისგან

მიიღებს თუ არა საქართველო თავდაცვით შეიარაღებას ამერიკისგან


ჯერჯერობით კვლავაც გაურკვეველია როდის მიაწვდის და მიაწვდის თუ არა, საერთოდ, თავდაცვითი ხასიათის შეიარაღებას საქართველოს მისი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, დეკემბერში დამტკიცებული კანონი ”ამ ეტაპზე მიდგომებს არ ცვლის”. საუბარია გასული წლის მიწურულს კონგრესის მიერ დამტკიცებულ და პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილ აქტზე, რომელიც თავდაცვითი სფეროს ხარჯებს ასახავს და რომლის ერთ-ერთი მუხლიც, სხვათა შორის, საქართველოსთვის თავდაცვითი ხასიათის შეიარაღების მიყიდვას შეეხება. რამდენად რეალურია პერსპექტივა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს?

9 იანვარს, პრესკონფერენციაზე ვაშინგტონში, როცა უცხოელ ჟურნალისტებს ხვდებოდა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ გორდონს, რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს - ”იტარ-ტასის” -კორესპონდენტმა დაუსვა შეკითხვა, აპირებს თუ არა ვაშინგტონი მიჰყიდოს საქართველოს თავდაცვითი შეიარაღება, როგორც ამას კონგრესის მიერ მიღებული და პრეზიდენტ ობამას მიერ 31 დეკემბერს ხელმოწერილი კანონი მოითხოვს.

​​ფილიპ გორდონი არ ფიქრობს, რომ ხსენებული დოკუმენტი ამ ეტაპზე მიდგომებს ცვლიდეს: 

”უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობა საქართველოსთან მნიშვნელოვანწილად ფოკუსირებული იყო სწავლება-ტრეინინგებზე და საქართველოს უზომოდ მნიშვნელოვან პასუხისმგებლობაზე ავღანეთთან მიმართებით. საქართველო, ერთ სულ მოსახლეზე გათვლით, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი - პირველ თუ მეორე ადგილზე მდგომი - კონტრიბუტორია ავღანეთში. მათ ბოლო პერიოდშიც დაეღუპათ რამდენიმე ჯარისკაცი და ეს ხაზს უსვამს რისკს, რომელზეც ისინი საერთო საქმისთვის მიდიან. ისინი იცავენ საერთო უსაფრთხოებას და ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან მუშაობას ამ საფუძველზე. როცა საქმე სპეციალური შეიარაღებით ვაჭრობას შეეხება, ჩვენ ამას ვუდგებით ისევე, როგორც სხვა ქვეყნების შემთხვევაში. მიდგომა ინდივიდუალურია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და მრავალი ფაქტორის გათვალისწინება ხდება. მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან ურთიერთობას უსაფრთხოების სფეროში ყველა ამ გზის მეშვეობით.”

მართალია, სახელმწიფო მდივნის მოადგილის ამ განმარტებიდან არ ჩანს მიაწვდის თუ არა თავდაცვითი ხასიათის შეიარაღებას საქართველოს შეერთებული შტატები, მაგრამ ანალიტიკოსთა ერთი ჯგუფი ფილიპ გორდონის ნათქვამს პოზიტიურ ჭრილში განიხილავს. მაგალითად, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს“ გამგეობის წევრის თეონა აქუბარდიასთვის, კონგრესის მიერ მიღებული კანონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციის ერთობლიობით, ცხადი ხდება, რომ გარკვეულწილად იცვლება ვაშინგტონის პოლიტიკა საქართველოს მისამართით. თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ჯერ კიდევ საკითხავია.

”დღეს შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, მიიღებს თუ არა თავდაცვით შეიარაღებას საქართველო, რადგან თვითონ საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტშიც არ არის გამოყოფილი ასეთი შესყიდვებისთვის საჭირო თანხა. ვფიქრობ, აშშ-ის ადმინისტრაცია დააკვირდება საარჩევნო პროცესებს საქართველოში, თუ როგორ ვითარდება ქვეყანა დემოკრატიული რეფორმების კუთხით, და საგარეო პოლიტიკურ ფონზე, როცა მოსალოდნელია საფრთხე იმავე ირანთან დაკავშირებით თუ ახლო აღმოსავლეთის სხვა პრობლემებთან დაკავშირებით, შესაძლოა განახლდეს თანამშრომლობა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა”, - უთხრა თეონა აქუბარდიამ რადიო თავისუფლებას.

ბევრჯერ ითქვა, რომ 2008 წლის შემდეგ საქართველოს პრობლემები შეექმნა შეერთებული შტატებისგან თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვის თვალსაზრისით, რაც, ვიკილიქსის მასალების მიხედვით, გარკვეულწილად რუსეთისა და შეერთებული შტატების გადატვირთვის პოლიტიკას უკავშირდება. საუბარია ანტისარაკეტო და ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე და ჯერჯერობით ოკუპირებული საქართველო მათი შესყიდვის სურვილს რომ ვერ ისრულებს, ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა გასული წლის მარტში უცხოური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამ საკითხის პერსპექტივების დაკონკრეტებისგან ჩვენთან საუბარში თავი შეიკავა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ. მან თქვა, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ამას ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს:

”ჩვენი თანამშრომლობა მიმდინარეობს ორმხრივად შეთანხმებული გეგმისა და სქემის მიხედვით, რომლის ზოგიერთი ნაწილი ცნობილია ფართო საზოგადოებისთვის... თუმცა არის ნაწილი, რომელიც ვერ იქნება ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ”
თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვებზე ღია საუბარს, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, მეტად საფრთხილოდ მიიჩნევს ექსპერტი სამხედრო საკითხებში თემურ ჩაჩანიძეც. მისი აზრით, ვარაუდებსა და ეჭვებზე ლაპარაკი არ ღირს, რადგან ისედაც საკმაოდ შთამბეჭდავია დახმარება, რომელსაც შეერთებული შტატები წლების მანძილზე უწევს საქართველოს:

”ამერიკელები ჩვენს ჯარისკაცებს ამზადებდნენ სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო მისიისთვის, იქნებოდა ეს კოსოვო, ერაყი თუ ავღანეთი. გათვალისწინებული იყო ეკიპირება, შესაბამისი აღჭურვილობა, კომუნიკაციის საშუალებები და ასე შემდეგ... ”ჰამერები” გამოგვიგზავნეს, გადმოგვცეს შვეულმფრენები... ასევე იყო სატვირთო ავტომობილების პარტია, იყო რადიოკავშირის საშუალებები... გარდა ამისა, შეერთებული შტატები ძალიან ეხმარება საზღვრის დაცვის დეპარტამენტს: საზღვაო ნავიგაციის კონტროლის საშუალებები გააკეთეს, გაარემონტეს რამდენიმე მცურავი საშუალება. გარდა ამისა, მოამზადეს ეკიპაჟი... ეს ცოტა კი არ არის, მთლიანობაში რომ ავიღოთ.”

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ელოდებიან 90-დღიანი ვადის ამოწურვას, რომლის ფარგლებშიც, ვაშინგტონმა უნდა შეიმუშაოს საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის „ნორმალიზაციის გეგმა“. ასეთი მოთხოვნა დევს კონგრესის მიერ დამტკიცებულ და თავად პრეზიდენტ ობამას მიერ ხელმოწერილი კანონის (2012 წლის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის) 1242-ე მუხლში, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების აუცილებლობას შეეეხება და საუბარია, სხვათა შორის, საქართველოსთვის თავდაცვითი ხასიათის შეიარაღების მიყიდვაზე. თუმცა საქართველოსთან დაკავშირებული ეს მუხლი პრეზიდენტმა ობამამ უკვე დაასახელა იმ მუხლებს შორის, რომელთა შესრულებაც მან შესაძლოა არ მიიჩნიოს სავალდებულოდ. 

აშშ-ის პრეზიდენტს ამ დოკუმენტის შესრულებასთან დაკავშირებით აქვს ”სერიოზული დათქმები” და ხსენებულ მუხლებს შეზღუდვები შესაძლოა, მაგალითად, იმის გამო შეეხოს, რომ ისინი შეიძლება წარმოადგენდეს ჩარევას პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, რომ მან განსაზღვროს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები.