დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა პრეზიდენტს (VIDEO)

დიდება მაღალთა შინა ღმერთსა და ქვეყანასა ზედა პრეზიდენტს (VIDEO)


ასე, მეორე კურსზე ვიქნებოდი, როცა ერთი ძველი საკურსო დოკუმენტური ფილმი ვნახეთ. ნაშრომი შევარდნაძის პერიოდში იყო მომზადებული. ერთ-ერთ კადრში, ამბიონზე მდგომი სასულიერო პირი ქადაგების დასასრულს, საზოგადოებას ქვეყნის, ოჯახის, მოყვასის, მტრებისა და პრეზიდენტისათვის ლოცვისაკენ მოუწოდებდა. უცებ, მთელი გზნებით დაამატა: ვისაც პრეზიდენტი არ უყვარს, არ დავინახო აქო!.

მოგვიანებით გავიგე, რომ ბაბუ პრეზიდენტის ესოდენ მოყვარული მეუფე კალისტრატე ყოფილა, რომელსაც, სასულიეროსთან ერთად, საერო ჩინ-მენდლებიც აქვს და, რომელმაც შევარდნაძის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგაც არაერთხელ დაამტკიცა, რომ სიტყვა „პრეზიდენტი“ მასზე განსაკუთრებულად მოქმედებს. 

ქუთაის-გაენათელი ეპისკოპოსის კეთილგანწყობა უბრალო კეთილგანწყობას დიდი ხანია სცდება და ფანატიზმში გადადის: აბა, რომელი კეთილგანწყობა დაგაწერინებს ლექსებს პრეზიდენტისადმი, სადაც ჩვენი მთავარსარდალი ისეთი ღვთაებრივი ეპითეტებით არის შემკული, მეც კი შემრცხვა და გავწითლდი!.

ალბათ, ყველამ ნახეთ შობის ლიტურგიის კადრები გელათიდან, სადაც ჩვენი პრეზიდენტი შობას შეხვდა. ნახავდით მადლიერ მეუფე კალისტრატესაც, რომელიც პრეზიდენტს წაქცეული ქალაქის ფეხზე დაყენებისა (?) და ძველი ფუნქციის დაბრუნებისათვის მიშას მადლობას სწირავდა, ნახავდით, როგორ უქებდა, უცნაური ენის ბორძიკით (არ მინდა ვიფიქრო, რომ გვარიანად ნასვამი გახლდათ) ახალ ღვინოს პრეზიდენტს და როგორ ჩამოუსხა ღვთაებრივი ნაჟურის ერთი ჭიქა სიტყვებით: დალიეთ, თქვენი დღეგრძელობისა იყოსო. მოისმენდით მის მიერ სააკაშვილის დავით აღმაშენებელთან შედარებას და აბა ამის შემდეგ რაღა გასაკვირია ის ჭორები, რომლებიც ამბობენ, რომ ის ერთადერთი მეფე, რომელსაც ამ ქვეყნისთვის მართლა რაღაც გაუკეთებია, აღარ წევს იქ, სადაც იწვა?!

„მე მადლობას ვწირავ ქვეყნადშობილ მაცხოვარს, რომ ჩემს ქვეყანას, ამ მძიმე ისტორიული პერიოდის ჟამს, გამოუჩინა პიროვნება, რომელიც აშენებს და იცავს ქვეყანას. მან გააკეთა ყველაფერი, მის გარეშე არაფერი კეთდება, მე ამაში დარწმუნებული ვარ. და როგორც არწივი ისე დაჰყურებს სრულიად საქართველოს. დღევანდელსაც და მომავალსაც. ამიტომ მე მინდა დავლოცო ჩვენი პრეზიდენტი, ვუსურვო მას დღეგრძელობა და ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე, ჩვენი ერისთვის.“

დიახ, მეგობრებო. ეს მეუფე კალისტრატეს საშობაო ქადაგებიდან გახლავთ და, მე რომ არ ვიცოდე, რა ხდება შვიდ იანვარს, ალბათ, ქრისტეშობის მაგივრად, მიშას შობა მეგონებოდა. 

ყოველთვის მიკვირდა ადამიანების, რომლებიც ირგვლივ, გაჩერებული მშენებლობებისა და გატანილი ინვესტიციების ფონზე, სასწაულ აღმშენებლობას ხედავენ და მათხოვრების მაგივრად, კარგად ჩაცმული, დიპლომატიანი საქმოსნები ეჩვენებათ, თუმცა ვფიქრობ, ჩვენს პრეზიდენტსა და მეუფე კალისტრატეს შორის არსებობს რაღაც სულიერი კავშირი: ამ ქვეყნის მდგომარეობაზე ორივეს ერთი, რეალობას რადიკალურად აცდენილი წარმოდგენა აქვს. პრინციპში, გასაგებია: სააკაშვილი პრეზიდენტია რომელსაც უნდა, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად იყოს და ილუზიას იქმნის/უქმნის, კალისტრატე კი სასულიერო პირია და, მოგეხსენებათ, ღვთის კაცებს შორის რჩეულების, ზებუნებრივი ხედვის ნიჭი აქვთ.