ლალი პაპასკირი, "რეიტინგი"
"არ ვტოვებ მომავალს, არც ვეფხვის ანაბრად, არც მერნის ანაბრად, არც დაჭრილ არწივის. და რადგან ამ ტრიოს ვაღმერთებ თანაბრად, ვეცდები, ვათრიო მძიმე ჯვრის ნაწილი..." - ეს არის ფრაგმენტი პოეტ დათო მაღრაძის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ლექსიდან, რომელიც სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის წაიკითხა.
პოეტს წლის ყველაზე მნიშვნელოვნად მოვლენად ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა მიაჩნია, რადგან, მისივე თქმით, ეს ადამიანი რეალურ პოლიტიკურ ცვლილებებსა და ქართველი საზოგადოების იმედთან ასოცირდება. ამბობს, რომ გასული წელი მისთვის შემოქმედებითადაც ნაყოფიერი იყო, - გამოიცა მისი წიგნი "ჯაკომო პონტი". პოეტთან საუბარი ამ სიახლით დავიწყეთ.
- "ჯაკომო პონტი" არის პოემა, რომელიც მოიცავს როგორც მითოლოგიურ თემატიკას, ისე ცხოვრებისეულ საკითხებს და თანაც ნაწარმოები აღმოსავლეთისა და დასავლეთის ცივილიზაციების გზაჯვარედინზეა... მას უკვე სამ ენაზე - ინგლისურად, თურქულად და იტალიურად თარგმნიან.
- ბატონო დათო, როგორც ყოველთვის, ახლაც აქტიურობთ პოლიტიკურ პროცესებში... როგორ შეაფასებთ გასულ წელს?
- ჩემი აქტიურობა სამშობლოს მიმართ ჩემი დამოკიდებულებაა. იმედი არასდროს დამიკარგავს, რადგან იმედს უფალი აძლევს ადამიანს. არადა, დღეს მართლაც ძალიან გვიჭირს. დოსტოევსკისა არ იყოს, დღევანდელი ხელისუფლების მიერ ყოველგვარი უზნეობაა წაქეზებული. ცდილობენ ყმაწვილებს ჩააგონონ, თითქოს წარმატების წინაპირობა უზნეობა და უსირცხვილობაა, რასაც "უკომპლექსობას" უწოდებენ. არადა, კომპლექსი სრულიად სხვა რამეა, უსირცხვილობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. შესანიშნავი მხატვარი ავთო ვარაზი თავის ჩანაწერებში ამბობს, - ძალიან ბევრი ტერმინი არსებობს, რომელიც ბავშვმა არ იცის და არც უნდა იცოდესო. მათი იდეოლოგიით, კარგი ყოფილა, თუ მეგობარს დააბეზღებ. როცა თანატოლი ცელქობს, უნდა გაიქცე და მანდატურს მოახსენო. ამათ არ იციან და არც ეცოდინებათ, რომ არსებობს ზღვარი დასმენასა და მოქალაქეობრივ მოვალეობას შორის. საზოგადოებაში უღირსობის წაქეზებას ყოველთვის უპირისპირდება ხალხში არსებული ზნეობრივი კანონი. ახლა კი, რაც უფრო უზნეო და უსირცხვილო ხარ, მით უფრო თანამედროვედ მიიჩნევი.
- რას ნიშნავს ეს, ხელისუფლებას ახალი ქართველის შექმნა უნდა?
- დიახ, როცა ადამიანი თავისი სამშობლოს ისტორიას განიცდის, თავის კულტურასა და ფესვებს გრძნობს, ეს მისი ნორმალური სულიერი მდგომარეობაა და ამას ებრძვიან "ნაციონალები".
მე იმედი ვახსენე, ეს არის იმ ადამიანის იმედი, ვისაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. მთავარია, რომ ეს ადამიანი გამოჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს გასული წლის ყველაზე კარგი მოვლენაა. ვიმედოვნებ, ენთუზიაზმი ხალხს ერთი-ორად გაეზრდება. ხალხი გრძნობს, რომ ახლა შეიძლება მოვიგოთ ბრძოლა. საზოგადოების დიდი ნაწილი, ისინიც კი, ვინც სასოწარკვეთილი იყო და მხოლოდ ქვეყნიდან წასვლაზე ფიქრობდა, იმედიანად არის განწყობილი და ეს მხოლოდ ბატონი ბიძინას გადაწყვეტილებას უკავშირდება.
- თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ამ ხელისუფლების აღტაცებას იზიარებს, რომ ქვეყანა შენდება და საგარეო კურსითაც წინსვლა გვაქვს...
- ალბათ საზოგადოების იმ ნაწილს გულისხმობთ, ვისთვისაც ბათუმში კვერცხებზე შლოპანცების დადგმა ტურიზმის განვითარებასთან ასოცირდება, ან კბილების ჩასმა - "ბედნიერ ღიმილთან"... საბედნიეროდ, საქართველოში არის ხალხი, რომლებიც თავისი ცხოვრების წესით ამტკიცებენ, რომ ქართველი საზოგადოება არსებობს. სარკაზმი ჩემი სტილი არ არის, მაგრამ ვიღაცები ცდილობენ, ხელოვნურად, ნაძალადევად თანამედროვეები იყვნენ. არადა, ბუნებრივი ღირებულებები და ფასეულობები, - დედაშვილობა, დაძმობა, მეგობრობა - არც ერთი ეპოქის კუთვნილება არ არის და მოდიდან არასდროს გადავა. ჩვენს ხელისუფლებას კი ჰგონია, თუ ქუჩაში კვერცხებს დადგამს, ეს თანამედროვეობაა. მათი აღქმით, პლატონი მოძველდა და მაკკეინი პოპულარობის პიკზეა.
- ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები გიპასუხებდნენ, რომ აღმშენებლობას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს...
- და ვინ თქვა, რომ ეს "აღმაშენებლობაა?"... აღმაშენებლის გამზირია გაკეთებული?.. ამაზე დავა არც ღირს. არ მაინტერესებს, რას ფიქრობს ხელისუფლება, რადგან ისინი არ არიან მოფიქრალი ხალხი. მათთან კამათი იგივეა, ლენინს ელაპარაკო დემოკრატიასა და პიროვნულ თავისუფლებაზე...
- ბიძინა ივანიშვილმა საყვარელ პოეტებს შორის დაგასახელათ. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ძალიან ბევრს ნიშნავს. მიხარია, როცა ადამიანს ჩემი ლექსები მოსწონს, მით უფრო ისეთ კეთილშობილ ადამიანს, როგორიც ბატონი ბიძინაა. ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, პირადად თქვენ თუ იღებდით მისგან ფინანსურ დახმარებასო? - საქმის ასე დაყენება არასწორად მიმაჩნია, - როცა ადამიანი ხელნაწერთა ინსტიტუტს გადაარჩენს, ის მე, ჩემს შვილსა და ქვეყანას ეხმარება. უბისა, ალავერდი, სვეტიცხოველი და დანარჩენი ძეგლები რომ შთამომავლობას შეენახება, სამება რომ აშენდება, ეს დიდი და მადლიანი საქმეა და სისულელეა იმის გაფიქრებაც კი, რომ ოცი წლის წინ ეს ადამიანი თურმე პრეზიდენტობაზე ფიქრობდა.
- თქვენ თუ მოიაზრებით იმ გუნდში, რომელიც ივანიშვილთან ერთად პოლიტიკური ცვლილებების განხორციელებას აპირებს?
- ჯერჯერობით მასთან არ მითანამშრომლია, ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობით შემოიფარგლება. არც ის ვიცი, რომელ ორგანიზაციულ საქმეს მოვკიდებ ხელს, მაგრამ თუ ქვეყანას დასჭირდა, ყველანაირ საქმეს გვერდზე გადავდებ, რადგან მის გვერდით ღირს ბოლომდე ბრძოლა. "ქართული ოცნების" პრეზენტაციის დღეს მე, ნიკუშა შენგელაია და ბევრი პატივსაცემი ადამიანი ფილარმონიის დარბაზშიც არ შევსულვართ, გარეთ ვიდექით. ყოველთვის არ არის აუცილებელი სცენაზე დგომა და ყურადღების ცენტრში ყოფნა.
- ბიძინა ივანიშვილის ოჯახს იცნობთ?
- დიახ, მის ოჯახთან საკმაოდ ნორმალური ურთერთობა მაქვს, მოკრძალებული, უბრალო, უშუალო ოჯახი აქვს. ჩვენ მიჩვეული ვართ, როგორც კი ადამიანი ოდნავ წამოყოფს თავს, მისი ოჯახის წევრები ქედმაღლურად იყურებიან. მსგავსი რამ ამ ოჯახში არ შემიმჩნევია.
1150
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85