ხათუნა მაღრაძე, "რეიტინგი"
დავით ზურაბიშვილი "რესპუბლიკური" პარტიის გამორჩეული სახეა. დიდი ხანი არ არის, რაც პოლიტიკაში მოვიდა, თუმცა მანამდეც უპარტიო დავით ზურაბიშვილისგან სააკაშვილი ხშირად იღებდა რჩევებს. ამჟამად ბატონი დავითი ივანიშვილის "ქართული ოცნებითაა" აღფრთოვანებული. ცოდვის ეშინია, მაგრამ თვალები უბრწყინავს მომხიბვლელ ქალბატონებზე საუბრისას და აღიარებს, რომ ცხოვრებაში ერთი გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა...
- ბატონო დავით, როგორი განწყობით შეხვდით ახალ წელს?
- არც კი მახსოვდა, რომ ახალი წელი მოდიოდა, იმდენად ვიყავი და ვარ ჩართული მიმდინარე პროცესებში. განსაკუთრებით ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება გააქტიურდა. თუმცა ახალ წელს ყოველთვის ახალი იმედები და ენერგია მოაქვს.
- ენერგია დაგჭირდებათ, რადგან პრეზიდენტმა ბრძანა, პირველად ლაზიკაში "რესპუბლიკელები" უნდა გადავასახლო, პარტიის ლიდერები მშობლიურ ფესვებთან უფრო ახლოს იქნებიან და თან თბილისში ნერვებს აღარ მომიშლიანო.
- ლაზიკას აშენებას ათ წელიწადში აპირებს, ალბათ ფიქრობს, რომ ამ დროის განმავლობაში თვითონ იქნება პრეზიდენტი, მაგრამ არა მგონია, ეს ოცნება აუხდეს.
- თქვენ ისიც არ გეგონათ, თუ აქამდე გაგრძელდებოდა მისი პრეზიდენტობა და არც ის, თუ თბილისში დავით აღმაშენებლის ძეგლის ნაცვლად ველოსიპედის ძეგლი გვექნებოდა, მაგრამ შეცდით. ისე საინტერესოა, საიდან იბადება ასეთი ექსეცენტრიკული იდეები?
- სააკაშვილისთვის მთავარია ქართული კულტურული სივრცისთვის უჩვეულო რაღაც შექმნას. კარგი იქნება თუ ცუდი, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. სამწუხაროდ, პრეზიდენტის გემოვნებით ყველაფერი ცუდი გამოდის.
- რეიგანის ძეგლზე რას ფიქრობთ?
- მგონი, ამათ ჰგონიათ, რომ რეიგანი მიშისტი იყო. თანაც დარწმუნებულები არიან, რომ თვითონაც ისეთ რეფორმებს ატარებენ, როგორიც თავის დროზე აშშ-ში რეიგანმა გაატარა. ისე, რა გინდათ იმ ძეგლისგან, საყვარელია, გვერდით მიუჯდები, სურათს გადაიღებ...
- ათბალიანი სისტემით თქვენი პარტიის ინტელექტსა და პოლიტიკურ ინტუიციას რა ქულით შეაფასებდით?
- ჯობია ჩვენზე სხვებმა ილაპარაკონ, ისე, ინტელექტის დონე პარტიაში იცოცხლე მაღალია, თუმცა ეს ყოველთვის ჩვენს რეიტინგზე არ აისახება. ჩვენზე კარგიც უთქვამთ, ცუდიც, მაგრამ სულელები არიან და ჭკუა აკლიათო, ჯერ არ გამიგია.
- არჩევნების შემდეგ არ ნანობთ ხოლმე, რომ პოლიტიკაში ხართ?
- პოლიტიკაში მოღვაწეობის დიდი სტაჟი არ მაქვს, დაახლოებით შვიდი წელია, რაც პარტიაში ვარ. მანამდე იქვე სადღაც ახლომახლო ვიყავი (იცინის). ისე, მე სხვა საქმეებიც მეხერხება, მაგალითად პუბლიცისტიკა. ვარდების რევოლუციის დროს, მართალია, პარტიის წევრი არ ვიყავი, მაგრამ მიმდინარე პროცესებში აქტიურად გახლდით ჩართული და მას შემდეგ, რაც ასე ვთქვათ გავიმარჯვეთ, პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა. მერე მივხვდი, რომ გამარჯვება კი არა, ყველაფერი პირიქით იყო და პასუხისმგებლობა უფრო გამიძლიერდა.
- როდის მიხვდით, რომ არ გაგიმარჯვიათ?
- მალევე, მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ადვილი აღარ იყო. ახლა არჩევნების იმედი გვაქვს. მერე მე წავალ, სხვა მოვა და ისინი გააგრძელებენ საქმეს.
- ამბობენ, რომ პოლიტიკას გამოცდილება სჭირდება, თუმცა ჩვენი ქვეყნის მმართველთა ასაკს თუ გადავხედავთ, პოლიტიკიდან წასვლა დაგაგვიანდათ. ნაცმოძრაობაში თქვენი ასაკის, როგორც იტყვიან, "ქვა აღარ დაგორავს"...
- იმიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე. მაგ ასაკის ადამიანი გენიოსიც რომ იყოს, საქმეს თავს ვერ გაართმევს. იმ ასაკში, რა ასაკშიც ჩვენი მინისტრები არიან, სხვა რაღაცები უნდათ, მაგალითად, თავგადასავალი და გართობა.
- მერე და რომელს იკლებენ, თავგადასავლებს თუ გართობას? თანაც მთავრობაში გენდერული ბალანსიც დაცულია...
- სიმართლე გითხრათ, ეგეთ რაღაცებს ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა ვფიქრობ, რომ ქალები მთავრობაში უფრო მეტიც შეიძლებოდა ყოფილიყო.
- მათი რაოდენობა გეცოტავებათ? ქალი მინისტრებიდან სიმპათიაც გექნებათ რომელიმეს მიმართ...
- გააჩნია, როგორც ქალბატონის მიმართ თუ როგორც მინისტრის? (იცინის)
- ვთქვათ, როგორც ქალბატონის.
- ნუ, როგორც ქალს, ვერა ქობალიას ვერ დაიწუნებს კაცი (იცინის), მართლა მშვენიერია. თუმცა გარეგნობის მიხედვით მინისტრები არ ინიშნებიან, მაშინ ტოპმოდელებში რომ ვეძებოთ ჩინოვნიკები, არ ჯობია?
- ბატონო დავით, არჩევანი რომ გქონდეთ, ვერა ქობალიას აირჩევდით ცხოვრების თანამგზავრად თუ ლალი მოროშკინას?
- აუუუ, ახლა ცოდვაში მაგდებთ... აუცილებელია, რომ გიპასუხოთ?
- კი.
- ერთს თუ ვიტყვი, მეორეს ეწყინება, თანაც არ ვიცი, რომელს რა ეწყინება. იქნებ ერთი იმაზე გაბრაზდეს, მე რატომ ამირჩიაო, მეორე კი იმაზე გაბრაზდეს, მე რატომ არ ამირჩიაო. მოკლედ, ორივე გადასარევია და არც ერთზე არ ვიტყოდი უარს.
- ახლა მგონი, სახლში ცოლი გაბრაზდება...
- მართალია, თან ჩემი ცოლი ყველას მირჩევნია (იცინის).
- ბატონო დავით, რას თვლით თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად?
- სააკაშვილის გაპრეზიდენტებას. ამაში მეც მიმიძღვის წვლილი. ამ კაცის პრეზიდენტობა უბრალოდ არ შეიძლებოდა. ჩვენ მაშინვე ვხედავდით მის უარყოფით თვისებებს, მაგრამ ჩავთვალეთ, რომ ამის დაბალანსება შეიძლებოდა. მიშას მარტო მინუსები კი არა, პლუსებიც აქვს, ნიჭიერია, ენერგიული, ადვილად ითვისებს ყველაფერს. გაპრეზიდენტებამდე ყოფილა შემთხვევები, ჩემთვის დაურეკავს და უთქვამს, ახლა პარლამენტში ტრიბუნაზე უნდა გავიდე და არ ვიცი რა ვთქვაო. რაღაცას ვეტყოდი, გავიდოდა და ისე ჩამოაყალიბებდა აზრს, თითქოს მთელი ცხოვრება ამაზე ფიქრობდა. ამ უნარს ვერ დაუკარგავ. თუმცა ის მინუსები, რომ კრიტიკას ვერ იტანს და გაუწონასწორებელია, ყოველთვის ჰქონდა. ჩვენი შეცდომა ისაა, რომ გვეგონა, მინუსებს დადებითი გადაწონიდა, არადა, მიშას გაპრეზიდენტებამდე არც ერთი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია, იყო დაახლოებით ხუთი ადამიანი, რომლებსაც ურეკავდა და ეკითხებოდა როგორ მოქცეულიყო. დღეს ხუთივე ოპოზიციაშია. მხოლოდ ორი ადამიანი იჯდა ჩუმად და არაფერში ეწინააღმდეგებოდა, ერთი იყო მერაბიშვილი, მეორე კი - ადეიშვილი.
- ამას ჰქვია დუმილი ოქროაო და დაუფასდათ კიდეც. დანარჩენი ხუთი კაცი ვინ იყო?
- კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, მე და ირაკლი ოქრუაშვილი.
- ამბობენ, რომ ოქრუაშვილთან დღემდე თათბირობს...
- არა მგონია, სააკაშვილი არ არის ასეთი პიროვნება. თამაშები მისთვის დამახასიათებელი არ არის. ყველას გამოყენებას შეეცდება, მისთვის მორალური საზღვრები არ არსებობს, მაგრამ მოდი გავითამაშოთ, შენ ვითომ მტერი ხარ და მებრძვიო, მისი სტილი არ არის.
- ბატონო დავით, სააკაშვილს აკრიტიკებთ, გულის ძაფები ივანიშვილთან გააბით, თან ამბობთ, არავინ იცის რაზეა წამსვლელი ჩვენი პრეზიდენტიო, რომ დაგიჭირონ, დარწმუნებული ხართ, ციხეში თქვენი ადგილი ფანჯარასთან იქნება?
- ციხეში ქურდები აღარ არიან და ფანჯრებისა და "პარაშების" ადგილიც დანომრილი აღარ არის. მეორეც, ვერ გავიგე, რატომ უნდა დამაპატიმრონ? საქართველოში არის ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ დიქტატურა და ტირანია - არ არის ისეთი, როგორიც თურქმენეთში ან უზბეკეთშია. აი, ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ტელევიზიით გამოვდივარ, არის რეალური ძალა, რომელიც ამ ხელისუფლებას შეცვლის. დიქტატურის პირობებში კი ასეთი რამ არ ხდება.
- კარგია, რომ იმედიანად ხართ, ახლა ეს მითხარით, ირაკლი ალასანია სიმპათიური მაინც არის და "რესპუბლიკელები" რა ნიშნით აგირჩიათ ივანიშვილმა?
- ჩვენ ვისზე ნაკლებად სიმპათიურები ვართ? (იცინის). ივანიშვილს აქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური გემოვნება, ხედვა და იმ ადამიანებთან უნდა თანამშრომლობა, რომელთა შეხედულებებიც მისი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებს ემთხვევა. ეს იყო მისი არჩევანი და რომ ვთქვა ამით უკმაყოფილო ვარ-მეთქი, გულწრფელი არ ვიქნები. რესპუბლიკურ პარტიას ჰქონია მაღალი რეიტინგი, დაბალიც, მაგრამ არც ერთი სახელისუფლებო ცვლილება ჩვენ გარეშე არ მომხდარა. ასე იყო გამსახურდიას დროს, ასე იყო შევარდნაძის დროს, ასლან აბაშიძის რეჟიმსაც კარგა ხნის განმავლობაში "რესპუბლიკელები" მარტო ებრძოდნენ. ასეა დღესაც, როცა სააკაშვილის ხელისუფლება უნდა შეიცვალოს.
- თქვენ ყოფილხართ რევოლუციონერებიც და კონტრევოლუციონერებიც, არადა, დამნაშავეს სად აღარ ეძებდნენ...
- ასეა (იცინის). რესპუბლიკური პარტია ერთადერთია, რომელსაც ჰყავს ყოფილი თავმჯდომარეები პარტიაში. ანუ იყო ერთი ხელმძღვანელი, შეიცვალა მეორით, მაგრამ ყოფილი თავმჯდომარე მაინც პარტიის წევრად რჩება. აბა, წარმოიდგინეთ, "ლეიბორისტული პარტია", სადაც შალვა ნათელაშვილი პარტიის წევრი იქნება და არა თავმჯდომარე. შექმნის დღიდან იყო შალვა, არის შალვა და იქნება შალვა.
- ახლა ამას შალვა წაიკითხავს და...
- არა, ლეიბორისტები უბრალოდ გამახსენდა, თორემ მემარჯვენეებში გამყრელიძე არის მუდმივი და უცვლელი თავმჯდომარე.
- ანუ გინდათ თქვათ, რომ თქვენი პარტიის თავმჯდომარეობის ოცნება გაქვთ და იმედიც, რომ ეს სურვილი აგიხდებათ?
- მე?.. - არა. რაღაც-რაღაცების გაძღოლა შემიძლია ცხოვრებაში, მაგრამ არ მგონია, პარტიის თავმჯდომარეობის სურვილი მქონდეს. ყველაზე მაღალი თანამდებობა, რაც მქონია, ფრაქციის თავმჯდომარეობა იყო და ასე თუ ისე ცუდად არ ვუძღვებოდი, მაგრამ ესეც ტვირთი იყო ჩემთვის. არ მიყვარს, როცა ვინმეს უფროსი ვარ, ან ჩემზე უფროსობს ვინმე.
- პარტიაში ამის ატანა მოგიწევთ...
- რა თქმა უნდა, პარტიაში არის სუბორდინაცია. ჩვენთან ბევრი გამოკვეთილი, ინდივიდუალური ადამიანია, დათო ბერძენიშვილი, ივლიანე ხაინდრავა, თინიკო ხიდაშელი, არ არის ადვილი ამ ადამიანების მართვა.
- თქვენს თავმჯდომარეს თინა ხიდაშელის გაკონტროლება მაინც არ უნდა გაუჭირდეს...
- ეგრე გეგონოს, აბა მიდი და მართე (იცინის).
- კი, ამბობენ, ცოლის მართვა თუ შეგიძლია, ქვეყანასაც მართავო. თქვენს ოჯახში პატრიარქატია თუ მატრიარქატი?
- არ ვიცი. მიმაჩნია, რომ მე არ ვარ მკაცრი და ჭირვეული. შეიძლება ჩემს ცოლს საწინააღმდეგო აზრი ჰქონდეს ამ საკითხზე. საერთოდ, სახლში იშვიათად ვარ და მაშინაც კომპიუტერთან ჯდომა ან მუსიკის მოსმენა მიყვარს.
- ოჯახში გადაწყვეტილებებს თქვენ იღებთ?
- არის საკითხები, რომელსაც მე ვწყვეტ, მაგრამ ბაზარში რა არის საყიდელი და როგორ უნდა გადანაწილდეს ოჯახის ბიუჯეტი, ეს ჩემი საქმე არაა.
- ოჯახის ბიუჯეტი სოლიდურად გამოიყურება?
- არა, ჩემს ცოლს აქვს ხელფასი, სკოლაში მასწავლებელია, ორი შვილი მყავს, ისინი მუშაობენ და ოჯახს ეხმარებიან. მე პუბლიცისტურ მასალებს ვაქვეყნებ და ჰონორარს მიხდიან. პარტიიდან არაფერს ვიღებ, ჩვენ იქ ხელფასები არ გვაქვს, მაგრამ იმედია, ყველაფერი შეიცვლება.
- ანუ ივანიშვილი მოვა და ყველა ბედნიერად ვიცხოვრებთ?..
- (იცინის) არა, ასე მარტივად არ ხდება ცვლილებები, ჩვენ სახლში ვისხდეთ და სააკაშვილი ჩემოდანს ალაგებდეს.
- ანუ ბატონ ბიძინას მიტინგებზე შევხვდებით? მან ხომ თქვა, თუ ეს დამჭირდა, ჩავთვლი, რომ ჩემი პოლიტიკაში მოსვლა შეცდომა იყოო...
- მიტინგი პროტესტის გამოხატვის კარგი საშუალებაა. ჩვენ ყველა მშვიდობიან ფორმას გამოვიყენებთ, რაც დაგვჭირდება.
779
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85