ბათუმში ელექტროგაყვანილობის ხაზებზე ჩამოკიდებული ფეხსაცმელები უკვე რამდენიმე კვირაა ქალაქში ჩასული სტუმრების გაოცებას იწვევს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ელექტროენერგიის საფასურის ზრდა ამ ფორმით გააპროტესტა და ხელისუფლებას საახალწლოდ ქალაქის მორთვის საკუთარი ვერსია შესთავაზა. სააკაშვილის საქართველოში, აჭარელები, იმ იმედით, რომ ასტრონომიული სიჩქარით ბათუმის ქუჩებში მონავარდე ქვეყნის პირველ პირს ფეხსაცმელი თავში დაეცემა, უპრეცედენტო აქცია წამოიწყეს (ფოტო:http://boqlomi.blogspot.com/2011/12/blog-post_8837.html). „იქნებ სააკაშვილს თავში ან თვალში მაინც მოხვდეს ჰაერში გამოკიდებული ფეხსაცმელები და შეიგნოს, რომ გვიჭირს, გვშია და ელექტროენერგიის უზარმაზარ ფასებს ვეღარ ვუმკლევდებით“, – ამბობენ ბათუმელები.
გვესაუბრება მოძრაობა „ემსახურე საქართველოს“ თავმჯდომარე მურმან დუმბაძე:
–როდესაც მოსახლეობას ძალიან უჭირს და უზარმაზარ ელექტროენერგიის გადასახადს იხდის, პროტესტის ასეთი ფორმა გასაკვირი არ არის. როდესაც ოჯახების უმეტესობას შემოსავალი არ გააჩნია და კომუნალური ხარჯები ძალიან დიდია, ხალხს ერთადერთი გზა რჩება: ასეთი ფორმით მაინც მიახვედროს ხელისუფლებას, რომ ქვეყნაში ძალიან მძიმე ვითარებაა. სააკაშვილი გაიძახის, აშენდა აჭარაო ეს არის ფარსი და ტყილი!
მივესალმები მოსახლეობის ასეთ აქტიურობას, ხელისუფლებამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა შეიგნოს, რომ ჰიდრორესურსებით მდიდარი ქვეყანაში ელექტროენერგიის უზარმაზარი გადასახადი არ უნდა არსებობდეს. ქალაქის ცენტრი მოსახლეობის ხარჯზეა განათებული. ევროპაში ყველთვის ცდილობენ ელექტროენერგია ეკონომიურად მოიხმარონ, აქ კი პირიქით ხდება.
ბატონო მურმან, როგორ შეხვდა ბათუმი 2012 წელს?
–წინასაახალწლო მზადება ხელისუფლებისთვის არის სტანდარტი, ეს არის აბრჭყვიალებული ქალაქის ცენტრი, ბულვარის და სანაპიროს ტერიტორია. პრაქტიკულად დანარჩენი ქალაქი არის არეულ-დარეული. უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს ბათუმის „მშენებლობა“. სააკაშვილის დაპირება იყო, რომ ქალაქის რეკონსტრუქცია 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში უნდა დასრულებულიყო, მაგრამ დღემდე არ დაადგა საშველი სამუშაოების დასრულებას. ერთი მეხუთედი ნაწილის გარდა არაფერი გაკეთებულა. ახალ წელს ბათუმი ძველებურად შეხვდა. აქ არაფერი შეცვლილა. გასულ წელს ხელისუფლებამ ენრიკე იგლესიასი ჩამოიყვანა და ახლა ხულიო იგლესიასი გაუძღვა საახალწლო ტაშ-ფანდურს. კონცერტებში მილიონები იხარჯება, მაშინ როდესაც ბათუმელთა აბსოლუტური უმრავლესობა უმუშევარია, ხალხი 2012 წელთან შესახვედრად მზად არ იყო და სააკაშვილთან ერთად საზეიმოდ არავის ცხელოდა. აჭარელებს უნდათ დღესასწაულს საკუთარ ოჯახებში შეხვდნენ, მაგრამ სამუშაო ადგილები არ არის და ბათუმელთა უმრავლესობა თურქეთში სამუშაოდ გადაიხვეწა. ადამიანებს არანაირი პერსპექტივბა არ გააჩიათ. ზეიმობს მხოლოდ ის, ვინც სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული და 31 იანვარს იგლესიასის კონცერტს დაესწრო. უბრალო ბათუმელებს ძალიან უჭირთ და 2012 წელს ღარიბულად შეხვდნენ.
–„ნაციონალურ ტელევიზიები“ ყოველდღიურად ატრიალებენ კადრებს, როგორ გულმხურვალედ ხვდებიან სააკაშვილს ბათუმში, ნამდვილად ასე ძალიან უყვართ მიშა აჭარაში?
–ამასწინათ, მიხეილ სააკაშვილი ბათუმის უპოვართა სასადილოში მივიდა. ეს გახლდათ დადგმული სპექტაკლი, რომელსაც აჭარის და ცენტრალური ტელევიზიები პირდაპირ ეთერში გადასცემდნენ. იქ ვმნახე ერთი ქალბატონი, რომელიც თავს მოხუცებულთა სასადილოს აქტიურ მომხმარებლად ასაღებდა და სააკაშვილის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებდა. მინდა გითხრათ, რომ ამ ქალს ბათუმის ცენტრალურ ნაწილში 3-ოთახიანი ბინა აქვს. სწორედ ასეთი ხალხი დაყავთ პიარისთვის განკუთვნილ შეხვედრებზე! არც ერთი ადამიანი, რომელიც პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, ღატაკთა სასადილოში არ დადის. კამერების წინ მოულოდნელად რამე უხერხული შეკითხვა არ დაისვას, ისეთი ადამიანებს აჩვენებენ, ვისაც ასეთი სასადილოები არ სჭირდებათ.
–რამდენიმე დღის წინ ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე ღიად დატოვებულ საკანალიზაციო ჭაში ბავშვი ჩავარდა, რომელიც დედასთან ერთად ტროტუარზე მიდიოდა. ბავშვი დაშავდა. ნუთუ, ბათუმის ქუჩები კვლავ დიდხანს უნდა იყოს გადათხრილი და დამახინჯებული?
–ბათუმის წყალ-კანალიზაციის გამართვისთვის თანხა გერმანულმა ორგანიზაციამ გამოყო, მაგრამ ხელისუფლებამ რესტავრაცია ვერა და ვერ დაასრულა. ჩემი ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს ვანო მერაბიშვილის ფირმებში დასაქმებული არაკვალიფიციური კადრები ასრულებენ. სწორედ ამიტომ ჭიანურდება მშენებლობის პროცესი. სააკაშვილის პიარკამპანია, რომ ბათუმი აყვავდა, აშენდა და გალამაზდა, არის ხელისუფლების მორიგი ტყუილია. ვიმეორებ, რომ ქალაქის მნიშვნელოვანი ნაწილი დანგრეული და გაპარტახებულია.