შსს-ს ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივდება

შსს-ს ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივდება

შსს-ს ფარულ მოსმენებზე პირდაპირი წვდომის შესაძლებლობა რამდენიმე თვით გაუხანგრძლივდება და უფლება, რომელიც ჭიკაიძის უწყებას 1-ელ დეკემბრამდე აქვს, გარკვეული ხნით დარჩება.

"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ფარული მოსმენების "გასაღების" ამოქმედებამდე, გარდამავალი პერიოდი იქნება შემოღებული, რათა სათანადო ტექნიკური აღჭურვა განხორციელდეს. მანამდე კი, შსს-ს არსებული მდგომარეობა შეუნარჩუნდება.

არსებული ინფორმაციით, ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის ძალაში შესვლა დაგეგმილია 2015 წლის 31 მარტიდან. ვახტანგ ხმალაძის კანონპროექტი კი, ახალი ნორმების 1-ელი ივნისიდან ამოქმედებას ითვალისწინებს. შუალედურ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო არსებულ რეჟიმში განაგრძობს საქმიანობას.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში განხორციელებული ბოლო ცვლილებებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს 1-ელ დეკემბრამდე უფლება აქვს: - ჰქონდეს კავშირგაბმულობისა და კომუნიკაციის ხაზებიდან და მათი შემაერთებლებიდან, მეილსერვერებიდან, ბაზებიდან, კავშირგაბმულობის ქსელებიდან და კავშირგაბმულობის სხვა შემაერთებლებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების, ასევე კომუნიკაციის აღნიშნულ საშუალებებთან სათანადო აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის მოწყობილობების განთავსებისა და მონტაჟის შესაძლებლობა.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე ორი კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო პროექტი ფარული მოსმენების ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთი "გასაღები" შს სამინისტროს რჩება, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. რაც შეეხება ვახტანგ ხმალაძის საკანონმდებლო ინიციატივას, ის ე.წ. ერთგასაღებიანი სისტემის ამოქმედების წინადადებით გამოდის, რომელიც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას გადაეცემა.