ირაკლი ალასანია ალექსანდრე ვერშბოუს და ჯეიმს აპატურაის შეხვდა

ირაკლი ალასანია ალექსანდრე ვერშბოუს და ჯეიმს აპატურაის შეხვდა

კანადაში, ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანია, კონფერენციაში მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებთან შეხვედრებს მართავს.

"თავისუფალი დემოკრატების" ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრე ვერშბოუს შეხვდა. ირაკლი ალასანიამ ასევე შეხვედრები გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაისთან და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯონ ბეირდთან.

მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნატო-ს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაცია.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს და ბოლო დროს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.