გასული წლის მთავარ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მოვლენებზე "პირWელი" პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანს ესაუბრა.
- პირველ რიგში, მინდა, გკითხოთ ორი დღის წინ პაკისტანურ გამოცემა "Opinion Maker"-ში გამოქვეყნებულ მასალაზე, რომლის თანახმად, რუსეთში დაწყებული საპროტესტო მოძრაობები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის, ბრიტანული დაზვერვისა და ჯორჯ სოროსის მიერ საქართველოს მეშვეობით ფინანსდება...
- ეს რუსეთის პროპაგანდის ნაწილია. როგორც კი რუსეთში რაღაც მოძრაობა დაიწყო, გაჩნდა ნიკოლაი პატრუშევის განცხადება, რომელიც აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. საქართველო დღეს ნამდვილად არ არის თუნდაც 10 წლის წინანდელი ქვეყანა, არეულ-დარეულობითა და განუკითხაობით როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. საქართველოში ყველა კუთხე-კუნჭული კონტროლირებადია, გარდა ოკუპირებული რეგიონებისა, რასაც ჩვენი უცხოელი პარტნიორებიც კარგად ხედავენ. ვფიქრობ, ეს რუსული პროპაგანდის ნაწილია. არავის სჭირდება საქართველოს გამოყენება ამ მიზნებისათვის. მთავარი, რაც რუსეთში განვითარებული მოვლენებიდან გამოჩნდა, ისაა, რომ მოქმედი ხელისუფლება და პირადად პუტინი ქვეყანაში პოპულარულები არ არიან და მოსახლეობას ისინი არ უყვარს, ყოველ შემთხვევაში - მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს და ისინი ჩიხს ხედავენ. შეიძლება, მოსახლეობის ეს ნაწილი იმდენად დიდი არ არის, მაგრამ ნათელია, რომ დღეს ვლადიმერ პუტინს და მის პოლიკიტიკას ისეთი მხარდაჭერა აღარ აქვს. დღეს მოსკოვში პუტინის ლანძღვა მოდაშია. შემთხევითი არ არის, რომ მიტინგზე ჩვეულებრივი ადამიანები კი არ მივიდნენ, არამედ ისინი, ვინც ნორმალურად ცხოვრობს, აქვს საკმარისი შემოსავალი, ბიზნესი და მიღებულები არიან ელიტაში. მე ვეთანხმები ჩემს მეგობარს მატვეი განაპოლსკის, რომელიც წერს, რომ შესაძლოა, მომავალ არჩევნებში პუტინს ალტერნატივა არ ჰყავდეს.
ფაქტობრივად, ვინც ალტერნატივა უნდა ყოფილიყო, ციხეში ზის და თუ ეყოლებოდა ასეთი ალტერნატივა, არ დაარეგისტირებდნენ, რასაც აკეთებენ კიდეც, მაგრამ იმ დამოკიდებულებას, რომელიც პუტინის ხელისუფლების მიმართ ჩამოყალიბდა, ის ვეღარაფერს უზამს. როცა ევროპარლამენტი იღებს გადაწყვეტილებას და რუსეთის არჩევნებს არალეგიტიმურად სცნობს, ეს ძალიან სერიოზულია და არ არის რიგითად ჩავლილი მატარებელი. როგორც ჩანს, სწორედ ამ პრობლემების წინაშე დგას დღეს რუსეთის ხელისუფლება და ყოველთვის ეცდება, პრობლემები სხვაგან მოძებნოს, ამმხრივ კი ყველაზე ადვილად მოსაძებნი საქართველოა.
- პრინციპში, რატომ არის გამორიცხული, საქართველო დაინტერესებული იყოს, თუნდაც ირიბად ხელი შეუწყოს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ პროცესებს?
- გამორიცხულია, რადგან ჩვენ თამაშის წესებით ვთამაშობთ! იქ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს თავად მიხედავენ. ის კლიშე, რომ თუნდაც "ვარდების რევოლუცია" ვიღაცამ დააფინანსა და ფული საიდანღაც მოვიდა, არასწორია.
- ჯორჯ სოროსს თავადაც არ უარყვია, რომ მაშინდელ რევოლუციურ პროცესებს ეხმარებოდა და ფინანსურად ედგა გვერდით...
- ეს იყო რევოლუციის შემდეგ. "ვარდების რევოლუციას" არავინ აფინანსებდა. რევოლუციის შემდეგ კი, როცა დემოკრატიული რეფორმები დაიწყო, ამ მიმართულებით კონკრეტული პროექტები დაფინანსდა, მაგრამ უშუალოდ "ვარდების რევოლუცია" არავის დაუფინანსებია.
- არც "თავისუფლების ინსტიტუტი", მოძრაობა "კმარა" და მათი აქტივობები?
- ეს იყო კონკრეტული პროექტები, რომელსაც მათ შორის სოროსის ფონდიც აფინანსებდა. რუსეთში კი დღეს ბევრი ფინანსურად შეძლებული ადამიანი ცხოვრობს, ზოგიც გაქცეულია რუსეთიდან და ანტიპუტინისტურ მოძრაობებს აფინანსებს. ამიტომაც ამ მიმართულებით საქართველოზე საუბარი ისეთივე ტიპის პროვოკაციული განცხადებაა, რომელიც დეკემბერში პატრუშევმა გააკეთა და ასეთ განცხადებებს ისინი შემთხვევით არ აკეთებენ. მაგრამ დღეს ევროპელები და ამერიკელები უფრო ადეკვატურები არიან და პრეზიდენტმა მედვედევმაც აღიარა, რომ 2008 წელს საქართველოსთან ომი იმიტომ დაიწყო, რომ ქვეყნის ნატო-ში შესვლის პროცესისთვის შეეშალა ხელი.
- რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით, მმართველი პარტიის შემდეგ ქვეყანაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა გენადი ზიუგანოვის "კომუნისტურ პარტიას" და ჟირინოვსკის "ლიბერალ-დემოკრატიულ პარტიას" აქვთ. საინტერესოა, ამ გარემოების გათვალისწინებით, რა დემოკრატიულ ცვლილებებსა და სასიკეთო პერსპექტივას შეიძლება, ელოდოს საქართველო თუნდაც პუტინის და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალების წასვლის შემთხვევაში?
- აქ სხვა რამეა მთავარი. რუსეთში რეალური არჩევანი არ იყო და იყო კამპანია "ყველას, გარდა პუტინისა". რუსეთში "კომუნისტები" სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად პოპულარულები არიან, სხვა რეალური ალტერნატივა კი ამ არჩევნებში არ არსებობდა, რადგან არ დაარეგისტრირეს. ამის ნათელი მაგალითი იყო, როცა პრეზიდენტის ადმინისტარაციის უფროსის მოადგილემ სურკოვმა მიხეილ გორბაჩოვს, რომელიც იმის მიუხედავად, ჩვენ მოგვწონს თუ არა, მსოფლიოს რიგითი მოქალაქე არ არის და თანამედროვე ისტორიის რაღაც ნაწილი შექმნა, უთხრა: "რატომ აკეთებთ პარტიას, ბატონო მიხეილ, ჩვენ მას მაინც არ დაგირეგისტრირებთო". ეს ხომ ცინიზმია?!
ამიტომ ამ ყველაფერს სხვანაირად უნდა შევხედოთ. მაგ ლოგიკით, ერთი წლის წინ ეგვიპტეში ჩატარებულ არჩევნებში მუბარაქის პარტიამ გაიმარჯვა და დღეს ტარდება არჩევნები, რომელსაც მანამდე აკრძალული პარტია "მუსლიმანთა საძმო" იგებს. ჩვენ სწორედ ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ის, რომ ზიუგანოვი იგივე აზრისა და პოლიტიკის გამტარებელია, რასაც პუტინი ატარებს, უბრალოდ შედარებით სუსტია, ყველასთვის გასაგებია. თანაც, როცა "კომუნისტები" არიან ხელისუფლებაში, ამას ევროპელები ცოტა სხვაგვარად უყურებენ, თუმცა დღეს თავად ვლადიმერ პუტინის მიმართ მათი დამოკიდებულება სრულიად ცალსახაა – ის არის ევროპისთვის მხოლოდ ბოროტების მომტანი. პუტინს ნიღაბი მთლიანად აქვს ჩამოხსნილი.
- ბატონო მიხეილ, როგორი დამოკიდებულება აქვთ სადღეისოდ ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს თავად საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის მიმართ?
- ვერ ხედავთ, როგორია ეს დამოკიდებულება? როდესაც ქვეყანაში ევროპის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფოს პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ჩამოდის, როცა ევროპის ყველაზე ძლიერ პოლიტიკურ გაერთიანებაში მიხეილ სააკაშვილს იღებენ და მიმართავენ მას, როგორც თანაბარს, როცა საქართველოზე, მის პრეზიდენტსა და გატარებულ რეფორმებზე სემინარები ტარდება, როცა სააკაშვილს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ხვდება და ასე შემდეგ... მიმაჩნია, რომ მითი, რომლის დანერგვაც 2009 წელს დაიწყო და რომელიც პროპაგანდის ნაწილი იყო, აბსოლუტურად დანგრეულია. დღეს მიხეილ სააკაშვილი წარმატებული რევოლუციური მოდელის მატარებელი ადამიანია.
- როგორ ფიქრობთ, დღეს ქართული დემოკრატია თავისი ხარისხით რუსულს უფრო ჰგავს თუ ევროპულს?
- რუსული დემოკრატია საქართველოსთან ოდნავაც ვერ მოვა ახლოს და ამაზე საუბარი სრულიად წარმოუდგენელია. საქართველოში ჩატარებულ არჩევნეთან დაკავშირებით ასეთი რეზოლუცია არც ევროპარლამენტს, არც ევროსაბჭოს და არცერთ ქვეყანას არ მიუღია. დღეს სააკაშვილი და საქართველოს ხელისუფლება ერთ-ერთ წარმატებულ მოდელად ითვლება და თუ ჩემი არ გჯერათ, წაიკითხეთ, რასაც რუსი თუ უცხოელი ჟურნალისტები წერენ. საეჭვო წარმომავლობისა და საეჭვო დაფინანსების მქონე ადამიანებმა საქართველოზე შეიძლება, ცუდიც დაწერონ, როგორც ეს, მაგალითად, კონდოლიზა რაისისა და 2008 წლის ომის თაობაზე "ევრაზიანეტში" გამოქვეყნებული მასალის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ბლეფი იყო. დღეს მიხეილ სააკაშვილი როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში წარმატებული რეფორმების ერთ-ერთ წარმატებულ ლიდერად ითვლება.
- რას ეძახით თქვენ წარმატებას და წარმატებულ რეფორმას?
- წარმატებულს ვეძახი პოლიციის რეფორმას, იუსტიციის რეფორმას, განათლების რეფორმას, ასევე წარმატებულს ვეძახი ეკონომიკურ რეფორმას, როცა ზრდა გაქვს ქვეყანაში და გასულ წელს ამმხრივ 6%-იანი ზრდა დაფიქსირდა. მნიშველოვანია, რომ ეს ყველაზე რთულ პერიოდში – რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ ხდება.
- კერძო საკუთრების ხელყოფა, ბიზნეს-წრეების მიმართ არსებული დამოკიდებულება? ...
- ძალიან გთხოვთ, "ევრონიუსზე" მომზადებული სიუჟეტი ნახეთ, როცა იტალიის ფინანსური პოლიცია სასტუმრობში შევიდა, რადგან ჰქონდა ეჭვი, რომ ეს სასტუმროები ტურისტული სეზონის პერიოდში ნაკლებს იხდიდნენ. ნახეთ, ამასთან დაკავშირებით როგორია იტალიელების რეაქცია. ბუნებრივია, საგადასახადოს შესვლა არსად უხარიათ და როცა რაღაც დარღვევას იპოვიან, ზეწოლაზე იწყებენ საუბარს. მე ერთი რამ ვიცი: დღეს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო წარმატებული რეფორმების მაგალითია, - რუსეთშიც კი ასე თვლიან.
- მაგრამ საქართველოში პრობლემებია ადამიანის უფლებების დაცვის, კერძო საკუთრების, ბიზნესის, მედიის თავისუფლების მხრივ, ამის არაერთი მაგალითი არსებობს და ამას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საკუთარ დასკვნებში აფიქსირებს...
- არის ხარვეზები, რომელიც გამოსწორდება, მაგრამ ყველაფერი მაინც შედარებითია.
- პირადად თქვენ სად ხედავთ ხარვეზებს და რისი გამოსწორების აუცილებლობაზე შეგიძლიათ, ისაუბროთ?
- ვფიქრობ, უფრო მეტია სამუშაო ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად. უფრო მეტი საფიქრალი და სამუშაოა სოციალურად დაუცველ თანამოქალაქეთა პრობლემებზე, რომელთაც ძალიან აწუხებთ უმუშევრობა და მაღალი ფასები. მათავარ ხარვეზებს ამ მიმართულებით ვხედავ.
- 2011 წლის ბოლოს ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა და ტენდენციებმა, პარლამენტში მიღებულმა კანონებმა ძალიან მკაფიოდ წარმოაჩინა, რომ მმართველი პარტია ხელისუფლების სათავეში არც ისე მყარად გრძნობს თავს და ძალაუფლების დაკარგვის მხრივ რაღაც აშინებს...
- მმართველ პარტიას არაფრის ეშინია. პოლიტიკურ პარტიებთან და მათ დაფინანსებასთან დაკავშირებით ჩვენ კანონი პირველად 2005 წელს მივიღეთ და მაშინ ამ კანონის ერთ-ერთი ინიციატორი მეც ვიყავი. კანონის მიღების მთავარი მოტივაცია ის გახლდათ, რომ პარტიებს საბიუჯეტო დაფინანსება ჰქონოდათ, რათა თითო-ოროლა ოლიგარქზე დამოკიდებული არ ყოფილიყვნენ. ეს მე არ მითქვამს, ამას თვითონ ამბობდნენ. აღნიშნული კანონის მიღება მაშინ ერთ-ერთ ყველაზე კარგ პროცესად და წარმატებულ რეფორმად ჩაითვალა, მაგრამ რეფორმას მუდმივი განვრცობა სჭირდება. გასული წლის ივნისში ევროსაბჭოს კორუფციასთან ბრძოლის ჯგუფმა GREKO-მ ამ მიმართულებით რეკომენდაციები შემოგვთავაზა.
- რატომ გაგახსენედათ GREKO-ს რეკომენდაციები მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილი ჩაერთო და ის ხელისუფლების ოპონირებით გამოვიდა?
- ძალიან გთხოვთ, "რესპუბლიკელების" კლიშეებით ნუ საუბრობთ. ჩვენ რომ არ გაგვახსენდეს და დაგვავიწყდეს, ამას GREKO გაგვახსენებს, როცა საქართველოსთან დაკავშირებით ყოველწლიური რიფორთი დაიდება, იქ ჩაიწერებოდა, რომ საქართველო ამ რეკომენდაციებს არ ასრულებს.
- მაგრამ ის შეზღუდვები, რომელიც თქვენ "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ჩადეთ, GREKO-ს არ შემოუთავაზებია...
- შეგიძლიათ, GREKO-ს რეკომენდაციები ამოიღოთ და ჩემს ინტერვიუში პირდაპირ გადაწეროთ, რადგან ჩვენ სწორედ ეს მივიღეთ. თქვენნაირი ადამიანებისგან რომ არ დაგვბრალებოდა, რომ რაღაცას სუბიექტურად ვაკეთებთ, პროექტი ვენეციის კომისიაში გადავაგზავნეთ, სადაც ბიუროკრატები კი არ სხედან, არამედ ყველა ქვეყნიდან აკადემიკოსები, მეცნიერები, ყოფილი თუ მოქმედი მოსამართლეები, პროკურორები მუშაობენ და მსჯელობენ იმის შესახებ, ესა თუ ის კანონი შეესაბამება თუ არა ევროპულ სტანდარტებს. მათ მიერ დაიწერა დასკვნა, რომ აღნიშნული კანონი ყველა ევროპულ სტანდარტთან შესაბამისობაშია. დაიწერა დასკვნა, რომ ერთ ან ორ ოლიგარქს კონკრეტულ ქვეყანაში პოლიტიკის ყიდვის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ მათ რეკომენდაციებს ვასრულებთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს რეკომენდაციები კი არ გვახსენედება, არამედ თუ არა შევასრულებთ, აუცილებლად შეგვახსენებენ და საყვედურს გვეტყვიან.
- "ნაციონალური მოძრაობის" არაერთი ლიდერის მხრიდან და მათ შორის პირადად თქვენგანაც არაერთხელ მოგვისმენია ერთგვარი წუხილი ქვეყანაში სუსტი ოპოზიციის არსებობის თაობაზე. პირადად თქვენ ბევრჯერ აღგინიშნავთ, თუ რაოდენ კარგია, როცა ხელისუფლებას ძლიერი პოლიტიკური ოპონენტი ჰყავს, თუმცა ივანიშვილის გარშემო ახალი პოლიტიკური ცენტრის გამოკვეთის და მისი სახით ალტერნატივის წარმოქმნისთანავე თქვენ ყველა ფორმითა და მეთოდით ცდილობთ მისთვის დაბრკოლების შექმნას...
- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპული კანონმდებლობით "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი ყველაზე მაღალ ევროპულ სტანდართან არის შესაბამისობაში. ბევრად უფრო დრაკონული კანონები მოქმედებს ევროპაში, მაგალითად ესპანეთში, სადაც მხოლოდ ერთ ფიზიკურ პირს პარტიის დაფინანსება 2000 ევროიანი "ჭერით" შეუძლია. ჩვენს მიერ მიღებულ კანონში საუბარია იმაზე, რომ პარტია, გაზეთი, პარლამენტი და ასე შემდეგ ერთმა ან ორმა კაცმა არ იყიდოს. 2003 წელს, როცა ერთი ძლიერი ფინანსური ოლიგარქი არსებობდა, რომელიც პოლიტიკაში ერეოდა, ის ფულს ხელისუფლებასაც აძლევდა და ოპოზიციასაც, რადგან მისი მიზანი იყო, როცა პარლამენტში შევიდოდნენ, ორივე მხარე ნაყიდი ჰყოლოდა. ასე არ უნდა მოხდეს და ევროპელებიც იქითკენ ისწრაფვიან, რომ ერთ დიდ ფინანსურ ჯგუფს ან ფიზიკურ პირს არ მიეცეს საშუალება, პარტია და პარლამენტი იყიდოს.
- როგორც დღეს ირკვევა, სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული არაერთი პროგრამა ივანიშვილის მიერ იყო დაფინანსებული და ეს ადამიანი პოლიტიკაში ჩართვამდე საკმაოდ სერიოზულად ედგა გვერდით ხელისუფლებაში მყოფ პარტიას - "ნაციონალურ მოძრაობას"...
- ივანიშვილი კონკრეტულ პროექტებს აფინანსებდა. მას ჰქონდა რაღაც პროგრამა "ქართუ"-ში და აფინანსებდა პროექტებს, აფინანსებდა პიროვნებებს და ამას აკეთებდა იმიტომ, რომ ამის სურვილი თავად ჰქონდა.
- იზიარებთ თუ არა თქვენი თანაგუნდელების შეფასებებს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს პოლიტიკურად გააქტიურებული ივანიშვილი არის კრემლის პროექტი, რომელიც პუტინის და ეფ-ეს-ბე-ს დაკვეთას ასრულებს?
- მე მხოლოდ ერთ რამეს ვამბობ: ფული პოლიტიკაში საჭიროა და მნიშვნელოვანი, თუმცა არ შეიძლება, ის გადამწყვეტი ფაქტორი გახდეს. საქართველოში პოლიტიკას რაღაც სქემების მიხედვით ვერავინ იყიდის და თუ თქვენ თანაბარ პირობებზე საუბრობთ, თანაბარ პირობებში ყველა უნდა იყოს ჩაყენებული. დღეს ხომ ვერავინ იტყვის, რომ ოპოზიციას ფული არ აქვს?!
- ოპოზიცია ელის, რომ პოლიტიკიდან და საარჩევნო პროცესებიდან ფულის ფაქტორის მაქსიმალურად შემცირების შემდეგ თავად მმართველი პარტია მთლიანად ადმინისტრაციულ რესურსს დაეყრდნობა. უკვე გაჩნდა კიდეც ცალკეული ინფორმაციები საარჩევნო წელს სახელწმიფო უწყებების, სამინისტროებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან მთელი რიგი ახალი პროგრამებისა და პროექტების დაფინანსების თაობაზე, რომელსაც ელექტორალური სარგებლის მიღების მიზნით "ნაციონალური მოძრაობა" გამოიყენებს... …
- სახელმწიფოს აქვს დამტკიცებული ბიუჯეტი და ყველა პროგრამა ამ ბიუჯეტის ფარგლებში განხორციელდება. თუ მეტი შემოსავალი გვექნება, მეტი პროგრამა განხორციელდება, მაგრამ ჩვენ ხუთი წლის წინ მივიღეთ კანონი იმის შესახებ, რომ როგორც კი არჩევნები გამოცხადდება, ახალი პროგრამის დაწყების უფლება არ გვაქვს.
- რა ეწოდება ბოლო პერიოდის იმ უახლეს პროგრამას, რომელიც მოხუცებულთათვის კბილების ჩასმას ითვალისწინებს და რომლის განხორციელების ინიციატივითაც პრეზიდენტი გამოვიდა – ეს ქველმოქმედებაა, თუ მოსყიდვა?
- ეს არის პრეზიდენტის ნდობა. ის არჩეულია და მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მოსწონს თუ არა ის პროგრამები, რომლითაც პრეზიდენტი გამოდის და თუ არ მოსწონს ამას ძალიან მარტივად საარჩევნო ბიულეტენი გადაწყვეტს. პრეზიდენტს უფლება აქვს, გამოვიდეს ინიციატივით და ესა თუ ის პროგრამა დაიწყოს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი მოსახლეობა მიიღებს. თუ მას მოსწონს პრეზიდენტის მიერ დაწყებული პროგრამები, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები, გაკეთდეს ბევრი ქუჩა, ჯანდაცვა ხელმისაწვდომი იყოს, არსებობდეს კბილების პროგრამა და ასე შემდეგ, მას მხარს დაუჭერენ, თუ არ მოსწონთ – არა.
- პრეზიდენტი იმავდროულად პოლიტიკური გაერთიანება "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე და მისი გამოკვეთილი ლიდერია, რომელიც #5-თან ყველაზე მეტად ასოცირდება...
- თუკი მეორე მხარეს დავუჯერებთ და დავუგდებთ ყურს, პრეზიდეტს არა აქვს მხარდაჭერა და მას ხმას საკუთარი დედაც კი აღარ მისცემს. რაკი ამაზე ვსაუბრობთ, მოდი, დაველოდით, ვინ ვის არ მისცემს ხმას. ჩვენ ჩვენს პროგრამებს ვაკეთებთ, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ყველაზე სწორი გზა: მეტი სამუშაო ადგილი, მეტი გზის გაკეთება, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა და ასე შემდეგ.
- ანუ იმ ყველაფერს, რასაც თქვენ განახორციელებთ, სახელმწიფო და პრეზიდენტის პროგრამა დაერქმევა, ხოლო ოპოზიციისას კი – მოსყიდვა?
- კი, ეს მთელს მსოფლიოში ასეა – ის, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება და რასაც მხარს არჩეული ორგანო - პარლამენტი უჭერს...…როდესაც ხელისუფლებაში მოდიხარ, ამომრჩეველს ეუბნები, რომ ამ თანხას ამ მიმართულებით მიმართავ, გააკეთებ ამა და ამ პროგრამას და ჩვენ ამ პროგრამით ვმუშაობთ. მაგრამ სრულიად სხვაა, როცა ერთი ან ორი ფიზიკური პირი გადაწყვეტს, რომ ეს ყველაფერი მან გააკეთოს. დამისახელეთ ერთი ევროპული ქვეყანა, სადაც მთელი პოლიტიკური პროცესი ერთ ფიზიკურ პირს აქვს ნაყიდი. ასეთი ქვეყანა არ არსებობს, რადგან ამ მიმართულებით კანონმდებლობა ძალიან მკაფიო და მკაცრია. ჩვენც მივყვებით ამ სტანდარტებს, რადგან გვსურს, ავაშენოთ ევროპული ქვეყანა. დღეს ოპოზიციურ პარტიებს ბევრად დიდი ფინანსური ანგარიში აქვს, ვიდრე "ნაციონალურ მოძრაობას" და ამმხრივ პროპორცია დაახლოებით 1/10-თანაა. გასულ წელს ჩვენი შემოსავალი იურიდიული და ფიზიკური პირებისგან ჯამში 1,5 მილიონი ლარი იყო, ხოლო ის, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა მიიღეს, თქვენც კარგად იცით, სხვაობა არის 1/4-ზე და მეტიც.
- დეკემბრის ბოლოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს საკმაოდ ოპერატიული და კრიტიკული განცხადებით აშშ-ს საელჩო გამოეხმარა, სადაც მან შეფასება "უთანასწორობა" როგორც პარტიებთან დაკავშირებულ კანონთან, ასევე საარჩევნო კოდექსთან, კერძოდ კი საარჩევნო სისტემასთან მიმართებაში დააფიქსირა. კრიტიკული იყო ევროკაშირის წარმომადგენლის ფილიპ დიმიტროვის პოზიციაც...
- ნუ ცდილობთ, ამ განცხადებიდან პოზიტივი ამოიღოთ და ნეგატივი დატოვოთ. აშშ-ის ელჩის განცხადებაში ნათქვამია, რომ ბევრი საკითხი პოზიტიურად გადაწყდა. პოზიტიურად შეფასდა ისიც, რომ ჩვენ გახსნილები ვიყავით კონსულტაციებისთვის. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, მათ საკუთარი მოსაზრებები აქვთ და დეპუტატმა აკაკი მინაშვილმაც განმარტა, რომ მათ არასწორი ინფორმაცია ჰქონდათ. ზოგიერთმა ჩვენმა კოლეგამ მათ ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით მიაწოდა, რადგან კანონი ჯერ გამოქვეყნებული არ იყო და მათ განცხადება მიტანილ ამბავზე გააკეთეს, საარჩევნო კოდექსი კი ამ დრომდე გამოქვეყნებული არ არის და ის უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველოში ხმები და პოლიტიკა არ იყიდება და არც მომავალში გაიყიდება. ჩვენ არჩევნები ამ გზით არ მოგვიგია. არჩევნებს ვიგებდით იმით, რომ ამომრეჩეველი ჩვენში ხედავდა პერსპექტივას იმისას, რომ არსებულ პრობლემებს მოვუგვარებთ და ჩვენ ამ გზით გავაგრძელებთ სვლას. რაც არ უნდა ბევრი ილაპარაკონ, დაწყებულ პროგრამებს მაინც ბოლომდე მივიყვანთ.
აქვე მინდა,შემთხვევით ვისარგებლო და ვთქვა, რომ 10 დეკემბერს, მაშინ როცა საქართველოში 11 დეკემბერი თენდებოდა, ხოლო ესპანეთში იყო 10, თამაშობდა ბარსელონა-რეალი, ოღონდ რეალ მადრიდი და ბარსელონა, რადგან თამაში მადრიდში გაიმართა. იმ ადამიანებს კი, რომელთაც ძალიან გაუხარდათ და იხალისეს ფორუმზე, მინდა, იმედი გავუწბილო და ვუთხრა, რომ მე არასდროს ვამბობ პირველს რეალ მადრიდს, რადგან ბარსელონას გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არც იმ კატეგორიას განვეკუთვნები, რომ ამის გამო სახე დავიხოკო და ისტერიკები მოვაწყო. გაიპარა შეცდომა, ვისი ბრალი იყო, მოდი, ამას თავი დავანებოთ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, მე ჩემი საყვარელი გუნდი - ბარსელონა დამავიწყდეს და აქვე ვაცხადებ, რომ ვარ ბარსელონას გულშემატკივარი და ევროპის მომავალ ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ვუგულშემატკივრებ, მერე რომ აღარ იყოს აღნიშნულ თემაზე საუბარი.
819
სარეკლამო ბანერი № 21
650 x 85
სარეკლამო ბანერი № 22
650 x 85