სამების ტაძარში მიმდინარე წირვას პრეზიდენტი და პრემიერი ესწრებიან

სამების ტაძარში მიმდინარე წირვას პრეზიდენტი და პრემიერი ესწრებიან

სამების საკათედრო ტაძარში გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

წირვას ესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ისინი სამებაში ოჯახებთან ერთად იმყოფებიან. წირვა-ლოცვას ესწრება თბილისის მერი დავით ნარმანიაც.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. წმინდა, საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. უფლის შეწევნითა და გამხნევებით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის - ბორბალზე გაკვრა.

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს. ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართული ეწოდება, რადგან სხვა ეკლესიებში საქართველოდან გადავიდა.