ათენის ციხიდან ექვსმა ქართველმა პატიმარმა გაქცევა სცადა

ათენის ციხიდან ექვსმა ქართველმა პატიმარმა გაქცევა სცადა

ათენში, კორიდალოს ციხეში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ბუნტი მოაწყვეს. ბერძნული გამოცემა GreeceReporter-ის ინფორმაციით, ექვსი ქართველი პატიმარი ციხიდან გაქცევას შეეცადა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, გუშინ დილით ერთ-ერთი ქართველი პატიმრის ბებია შვილიშვილისთვის დიდი ოდენობით ნარკოტიკის გადაცემას შეეცადა.

არსებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ციხის ბადრაგმა ნარკოტიკების გადაცემის ფაქტი აღკვეთა, ციხის კლინიკაში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ხმაური ატეხეს, მათ შეუერთდა ათენის ციხეში მყოფი 25 ქართველი პატიმარი. ბუნტის შედეგად სამი ბადრაგი დაშავდა.

ბერძნული გამოცემის ცნობით, პატიმრებმა კონტროლი დაამყარეს ციხის კლინიკაში და ციხეში არსებული პირობები გააპროტესტეს.

ციხეში ატეხილი ბუნტი მხოლოდ მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც ციხის ბადრაგის დასახმარებლად კორიდალოს ციხეში სპეცდანიშნულების რაზმი და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის რაზმი მივიდა.