საგარეო უწყება რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს

საგარეო უწყება რუსეთის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს.

სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

"საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს 2014 წლის 20 ნოემბერს, რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ მიღებული დადგენილების თაობაზე, რომელიც საქართველოს განუყოფელ ნაწილთან - აფხაზეთთან "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" ხელშეკრულების შეთანხმებული ვარიანტის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისათვის ხელმოსაწერად გადაგზავნას ითვალისწინებს.

მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული არაერთი კონსტრუქციული ნაბიჯისა, რუსეთთან პოლიტიკურ ასპექტში პროგრესი ვერ იქნა მიღწეული. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების პერიოდული განცხადებები საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების სურვილის შესახებ აშკარა წინააღმდეგობაშია მათ მიერ რეალურად გადადგმულ ნაბიჯებთან.

საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და შესაბამისად ამ საკითხში არავითარ კომპრომისზე წასვლას არ აპირებს. მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ამ ნაბიჯს და გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ მორიგ აგრესიულ ქმედებებზე.

ამაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში ვიზიტისას ევროკავშირსა და ნატოში შეხვედრების დროს და საგარეო საქმეთა მინისტრმა ლონდონსა და პრაღაში გამართულ შეხვედრებზე. ამ საკითხების შესახებ გვექნება საუბარი მომავალ კვირას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე და აგრეთვე დაგეგმილ ნატოსა და ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტერიალებზე", - ნათქვამია განცხადებაში.