"თავისუფალმა დემოკრატებმა" NDI-ს პრეზიდენტს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდეს

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი და ვიქტორ დოლიძე NDI-ს პრეზიდენტს კენეტ ვოლაკს და საქართველოს ოფისის დირექტორს ლორა ტორნტონს შეხვდნენ.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა "თავისუფალი დემოკრატების" ოფისში გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, NDI-ს ხელმძღვანელობას მათ საკუთარი ხედვა გააცნეს ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე.

"NDI-ს, როგორც ინსტიტუტს ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ამას ვამბობდით ყოველთვის. მათ აინტერესებდათ, ჩვენი მხრიდან გაეგოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მოხდა და რამ გამოიწვია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იყო საქართველოში 2 კვირის წინ. ჩვენ მათ ვუთხარით ამის შესახებ როგორ ვხედავთ ამ ვითარებას, ასევე გავიცანით ოფისის ახალი ხელმძღვანელი და შევთანხმდით მომავალ თანამშრომლობაზე", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

ალექსი პეტრიაშვილის თქმით კი, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს "თავისუფალი დემოკრატების" სამომავლო გეგმებზე.

"ვისაუბრეთ როგორც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, ისე ჩვენი პარტიის გეგმებზე. ჩვენი მხრიდან მათ მივეცით განმარტება კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა დაკავშირებითაც არის მცდელობა შეიფუთოს განსხვავებულად ჩვენი განცხადების შინაარსი, ამიტომაც, ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ, თუ რასთან დაკავშირებით მოახდინეს რეაგირება "თავისუფალმა დემოკრატებმა" და ირაკლი ალასანიამ იმ განცხადებაში", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

NDI-ს პრეზიდენტის, კენეტ ვოლაკის განცხადებით, NDI მუშაობს როგორც საპარლამენტო ფრაქციებთან, ასევე საკრებულოს ფრაქციებთან და ატარებს შეხვედრებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან.

"საქართველოში NDI ბევრი წლებია მუშაობს. მუშაობს საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ეს ვიზიტი იყო შესაძლებლობა ჩემთვის კიდევ ერთხელ დავლაპარაკებოდი ჩემს პარტნიორებს. ვმუშაობთ ფრაქციებთან როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე საკრებულოებში და ვისაუბრეთ რით შეიძლება NDI დაეხმაროს მათ", - განაცხადა კენეტ ვოლაკმა.