ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში სახალხო დღესასწაულს დაესწრო

ირაკლი ღარიბაშვილი ქედაში სახალხო დღესასწაულს დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" დაესწრო. პრემიერ-მინისტრსა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს.

პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა. ირაკლი ღარიბაშვილი ქედის ცენტრში, ღია ცის ქვეშ წარმოდგენილ ქედის სოფლების მოსახლეობის მიერ მომზადებულ სამზარეულოსა და რეწვის ნიმუშებს გაეცნო.

პრემიერმა ადგილობრივების მიერ მოჩუქურთმებული ტრადიციული სასმისი შეიძინა, ქედელებმა კი პრემიერს აჭარული ცეკვის ამსახველი ნახატი აჩუქეს. ირაკლი ღარიბაშვილი სათითაოდ მივიდა თითოეული სოფლის კუთხესთან და ღვინო დააგემოვნა.

სახალხო დღესასწაულს "შემოდგომა ქედაში" 1994 წელს ჩაეყარა საფუძველი. ტრადიციულად, ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების გამოფენა წელსაც მოეწყო.