საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, ისაუბრეს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, ორმხრივ ურთიერთობასა და NDI-ის საქართველოში სამომავლო საქმიანობის გეგმებსა და პროექტებზე, მათ შორის "ღია მმართველობის პარტნიორობის" ინიციატივაზე.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო საარჩევნო გარემოსა და კანონმდებლობას, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკითხს და სხვა.
საკანონმდებლო ორგანოს ინფორმაციით, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.