გიორგი ვოლსკი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

გიორგი ვოლსკი NDI-ის პრეზიდენტს შეხვდა

საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) პრეზიდენტ კენეტ ვოლაკს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტიდან აცნობეს, მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.

პარლამენტში გამართულ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა NDI-ის საქართველოს ოფისის დირქტორი ლორა ტორნტონი.

როგორც გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა ინტენსიურად ვითარდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მისი განმარტებით, განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და დემოკრატიული განვითარებისა და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების მიმდინარეობის საკითხი. ასევე ყურადღება ადგილობრივ თვითმმართველობას და ამ სფეროში მსოფლიო გამოცდილების გაზიარების საკითხებსაც დაეთმო.

"ამ ეტაპზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკრებულოების გაძლიერება, მათი აღჭურვა პოლიტიკური ცოდნით და ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება. შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას ყველა მიმართულებით, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან, რომლის დახმარება ჩვენთვის პოლიტიკური რესურსების უკეთ გამოყენების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია", -განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

NDI-ის პრეზიდენტ კენეტ ვოლაკმა, თავის მხრივ, მაღალ დონეზე შეაფასა საქართველოში დემოკრატიის განვითარების მიმდინარეობის პროცესი.