სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა რესტორნებიდან საეჭვო წარმომავლობის ხორცი ამოიღეს. რესტორნებში "ჭაშნაგირი" (შპს "გურთა"), "თეთრი სახლი" (შპს კამი-გრუპი"), "გაგრა" (შპს "კარაველა") და "უშბა" (ი/მ "დინარა სულაქველიძე") ვერ წარმოადგინეს ხორცის კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ფორმა #2, რაც იმის დასტურია, რომ ხორცი სასაკლაოს გვერდის ავლით არის დაკლული და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხორცი დალუქეს და კანონმდებლობის შესაბამისად გაანადგურებენ.