საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესმენებს აქტიურობისკენ მოუწოდებს.
შესაბამისი განცხადება პრემიერმა დღეს ქედაში გააკეთა, სადაც კომპანია "ტრადიციული კახური მეღვინეობის" ახალი საწარმო გახსნა.
"მინდა მოვუწოდო კერძო სექტორს, ბიზნესმენებს, აიღონ მაგალითი ამ კომპანიისგან. მე მათ მოვუწოდებ მეტი აქტიურობისკენ. ჩვენი სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში უდგას კერძო სექტორს. დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი და პირობები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდანაა შექნილი, არის მართლაც უნიკალური", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ქედაში გახსნილი ღვინის ქარხანა რიგით მე-80 საწარმოა, რომელიც 2 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დაფინანსებით გაიხსნა.
"2 წლის განმავლობაში 80 საწარმო დავაფინანსეთ და 490-ზე მეტმა საწარმომ შეძლო გადაიარაღება და განახლება", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.