ნინო ბურჯანაძე - ჭაობში ვართ

ნინო ბურჯანაძე - ჭაობში ვართ

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, საქართველო დღეს ჭაობშია. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "პირველ სტუდიაში" განაცხადა. 

ნინო ბურჯანაძემ რუსეთთან მიმართებაში საქართველოს ხელისუფლების დღევანდელი პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ქვეყანა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს ყოველდღიურად კარგავს.

"ქართულ ოცნებას" სამწუხაროდ, არანაირი პოლიტიკა არ აურჩევია არც საშიანაო და არც საგარეო მიმართულებით. ამას ძალიან დიდი წუხილით ვამბობ. ის, რომ საქართველოში, დღეს პოლიტიკური ცხოვრება არ არსებობს და ვართ ჭაობში, არის აბსოლუტურად ერთმნიშვნელოვანი. უშუალოდ რუსეთთან მიმართებაში დღევანდელი პოლიტიკა წინა ხელისუფლების პოლიტიკისგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ არ არის ლანძღვა-გინება, რაც იყო "ნაციონალური მოძრაობის" დროს. იმ დოზით, რა დოზითაც "ქართულმა ოცნებამ" შეცვალა პოლიტიკა, შედეგები მიიღო კიდეც - კარასინი-აბაშიძის ფორმატი იყო მოლაპარაკება ვიზების გამარტივებაზე, საჰაერო ფრენაზე, ხილის და ღვინის გატანაზე – ეს ხომ მოხდა? იმ, დოზით, რა დოზითაც "ქართულმა ოცნებამ" გაბედა რუსეთთან ურთიერთობა, პასუხები მიიღო, მაგრამ ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქვეყნისთვის საციცოცხლო – ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მათზე "ქართულმა ოცნებამ" ვერ გაბედა საუბარი. დღეს საქართველო ყოველდღიურად კარგავს შანს, რომ აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემა მოგვარდეს. ის სარკმელი, რომელიც ახლა ოდნავაა შეღებული, თანდათანობით იხურება "ქართული ოცნების" გაუბედავი პოზიციების და არასწორი პოლიტიკის გამო", - განაცხადა ბურჯანაძემ.

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან მთავარ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა სცადოს.

"როდესაც არის გამაღიზიანებელი ფაქტორები ტონი უნდა შეცვალო. დიპლომატია და პოლიტიკა ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ერთი და იგივე ტერმინი და აზრი ჩამოაყალიბო ისე, რომ ძალიან გააღიზიანო ოპონენტი და ისე, რომ ეს არ გააკეთო. შეიძლება არარეალურად მიაჩნია დასავლეთს, რომ რუსეთმა უკან დაიხიოს მთელი რიგი მიმართულებით, მათ შორის უკრაინის კრიზისთან მიმართებაში, მაგრამ ამის მიუხედავად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ჯერ ესაუბრა ანგელა მერკელი ტელეფონით ვლადიმერ პუტინს. ჩვენც უნდა ვცადოთ. მოდით, ვკითხოთ საქართველოს ხელისუფლებას რამდეჯერ ელაპარაკა ან საერთოდ ელაპარაკა თუ არა ჩვენი ოფიციალური წარმომადგენელი რუსეთის ან საგარეო საქმეთა მინისტრს ან პრეზიდენტს. პოლიტიკა და დიპლომატია არის მცდელობა იმისა, გამოგივიდეს ის, რაც გინდა. ასე, სამწუხაროდ, ნატოში გაწევრიანება ილუზიაა და ამის შანსი კარგა ხანია არ გვაქვს, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, მაგრამ ხომ ვცდილობთ? არც ნატოს ბაზა იქნება საქართველოში, რომელიც ჩვენ, როგორც მთავრობა აცხადებს, დაგვიცავს", - განმარტა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.

რაც შეეხება უშუალოდ ჟენევის ფორმატს, ბურჯანაძის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალობადაა ქცეული, უნდა შენარჩუნდეს. 

"ჟენევის ფორმატი, რა თქმა უნდა, უნდა შენარჩუნდეს, მიუხედავად იმისა, რომ ის, პრაქტიკულად, ფორმალობადაა ქცეული და ვერ შეძლებს გარღვევას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში", - აღნიშნა მან.