ემზარ კვიციანის ოჯახს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბინა ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაუბრუნდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქციაში" საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, კვიციანების ბინა შსს-ს ჰქონდა გადაცემული.
"როდესაც ემზარ კვიციანის ოჯახი დაბრუნდა საქართველოში, ბინა შსს-ს ჰქონდა გადაცემული და მაშინდელი შს მინისტრის პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ ბინა დაუბრუნდათ რეალურ მფლობელებს", - აღნიშნა სუბარმა.
მისივე თქმით, უნდა მოხდეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მის დამსახურებას გაუსვამდა ხაზს. "ემზარ კვიციანთან მიმართებაში არანაირი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უნდა მოხდეს ისეთი შეთანხმება, რომელიც მის წარსულ დამსახურებას გაუსვამდა ხაზს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს ორ მხარეს შორის. ეს მხარები არის ბრალდებისა და დაცვის მხარეები. დარწმუნებული ვარ, ამ შეთანხების საფუძველი არსებობს და იმედი მაქვს მალე მოხდება. ეს არის ხელისუფლების პოზიცია", - აღნიშნა სუბარმა.
მისივე თქმით, კოდორის ხეობაში 2006 წელს არ იყო ისეთი კონტროლი, როგორიც უნდა ყოფილიყო, თუმცა, ამის გამოსწორება მშვიდ ვითარებაშიც შეიძლებოდა.
"იქ არ იყო ისეთი კონტროლი, როგორც უნდა იყოს ნორმალურ ვითარებაში. იქ იყო კრიმინალის უფრო მომატებული დონე. როდესაც ამდენი იარაღია, ბუნებრივია ეს ხდება. იქ იყო მკვლელობები და იყო საჭირო წესრიგის დამყარება, მაგრამ ეს შესაძლებელი იყო მომხდარიყო ცივილიზებული ფორმით. დაიჭირეს უამრავი ადამიანი, გასამართლდა ტრეფიკინგის ბრალდებით, როდესაც მსგავსი რამ არ ყოფილა. ეს ადამიანები წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ იქ. დააკავეს ეს ადამიანები და ჯოჯოხეთურ პირობებში ჰყავდათ. ჩემ საპარლამენტო მოხსენებაშიც ეწერა, ერთ-ერთი ადამიანი მარგველანი დაიჭირეს და მოკვდა ისე, რომ ერთი წამალი არ გაუკეთეს. ჯოჯოხეთურ პირობებში ჰყავდათ. ეს არ იყო ერთი შემთხვევა მხოლოდ. ხეობა და ხეობის დამცველები გატეხეს წელში", - განაცხადა სუბარმა.
მისივე თქმით, ემზარ კვიციანს ბევრი დამსახურება აქვს, მათ შორის საკენი-ჭუბერის გზის გახსნაშიც. "რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანი, საკენი-ჭუბერის გზა გახსნა ვერ მოხდებოდა. რომ არ ყოფილიყო ემზარ კვიციანი, ბევრი ადამიანი იმ ჯოჯოხეთურ უღელტეხილზე ვერ გადავიდოდა და მსხვერპლი იქნებოდა ასობით ათასი", - აღნიშნა სუბარმა.