გაუგებარია "სილქნეტსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მასალების დიდი ნაწილი რატომ არის გრიფით "საიდუმლოს" ქვეშ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განუცხადა.
საგანელიძე აღნიშნული საქმის ნაწილისათვის გრიფის მოხსნის საჭიროებაზე ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ ესაუბრა. დეპუტატის განცხადებით, მასალის იმ ნაწილის გარდა, სადაც ასახულია გეოგრაფიული პარამეტრები, მარშუტი და მსგავსი ტიპის საკითხები, გრიფი საქმის დანარჩენ ნაწილს არ უნდა ედოს. საგანელიძის თქმით, გრიფის მოხსნა მნიშვნელოვანია საქმის საჯაროობისთვის.
"განხილვის საგანია ის, რაც ეხება კონტრაქტს, პროგრამის ღირებულებას, გადახდის ტრანშებს და ა. შ. ამიტომ რა თქმა უნდა, მოვითხოვ, რომ საქმის ამ ნაწილს მოეხსნას გრიფი "საიდუმლო". რაც, სხვათა შორის, სურთ "თავისუფალ დემოკრატებსაც". ეს ძალიან კარგი იქნება საჯაროობისთვის", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას დავით საგანელიძემ.