საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ მხარს ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის კანონპროექტს დავუჭერთ , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გუშინ საღამოს გამართული შეხვედრის შემდეგ უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა.
"პირველი და აუცილებელი ეს არის უსაფრთხოების თემა. უსაფრთხოებას მობილური კომპანიები ვერ დაიცავენ და, შესაბამისად, ამ ვარიანტის განხორციელებაც გამორიცხულია. ოპერატორი კომპანიები თავადვე არიან წინააღმდეგნი, რომ ჰქონდეთ ე.წ. გასაღები. კარგად დაფიქრდით, რომელი ქვეყნის კომპანიებია საქართველოში წარმოდგენილი ბიზნესის ამ ბაზარზე, დასკვნები თავად გააკეთეთ", - განუცხადა ჟურნალისტებს დავით საგანელიძემ.
რაც შეეხება ერთის მხრივ, ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის ვარიანტს, ხოლო მეორეს მხრივ ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, დავით საგანელიძის თქმით, ამ შემთხვეკვაში პრინციპი საერთოა, განსხვავება კი იმაში მდგომარეობს, თუ რომელი სახელმწიფო უწყების ხელში უნდა იყოს ე. წ. გასაღები.
"ბევრი ვიმსჯელეთ და მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს იმ ვარიანტს, რომელიც წარმოადგინა ეკა ბესელიამ, გედევან ფოფხაძემ და ირაკლი სესიაშვილმა. ვახტანგ ხმალაძემ მსჯელობისას ასევე დასაშვებად მიიჩნია, რომ კიდევ ერთ ალტერნატივად შეთავაზებული იყოს ალტერნატიული უწყების შექმნის საკითხი, რომელსაც გასაღები ჩაბარდება. თუმცა ეს უმრავლესობისათვის მიუღებელი იყო", - განაცხადა დავით საგანელიძემ.
კოლეგების მსგავსად, საგანელიძეც ადასტურებს, რომ საკითხის გარშემო კონსულტაციები გაგრძელდება.