მოსმენებთან დაკავშირებით ორი პროექტის შეჯერების შესაძლებლობა არსებობს

მოსმენებთან დაკავშირებით ორი პროექტის შეჯერების შესაძლებლობა არსებობს

გასაკვირი არ იქნება, რომ პრიორიტეტულად ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს მივიჩნევ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ბერძენიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ვინც ხმალაძის კანონპროექტს უჭერს მხარს, მიაჩნიათ, რომ გასაღები არც პროვაიდერების ხელში უნდა იყოს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროში.

"კანონპროექტი ორია წარდგენილი. გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პრიორიტეტულად ვახტანგ ხმალაძის მიერ წარმოდგენილ პროექტს მივიჩნევ. ვინც ასე ვართ განწყობილი, მიგვაჩნია, რომ არც პროვაიდერებს, თუმცა ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში მანდ არის გასაღები, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ უნდა ჰქონდეს ეს გასაღები, არამედ ეს გასაღები უნდა იყოს ძალიან მაღალი ნდობის მქონე სახელმწიფო სტრუქტურაში. სახელმწიფო სტრუქტურას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენს ვითარებაში და ხმალაძემ ასეთ სტრუქტურად შეარჩია მარეგულირებელი კომისია, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთავრობის თანხმობით პარლამენტის კენჭისყრით კომპლექტდება. ამიტომ ნდობა მისი არის მაღალი", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შეჯერების შესაძლებლობა არსებობს. ამასთან, ბერძენიშვილი აცხადებს, რომ თუ იქნება საქმიანი საუბარი, ვახტანგ ხმალაძე კვალიფიციურად წარმოადგენს მის პროექტს.

"პროექტების შეჯერების შესაძლებლობა არსებობს, დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქმიანი საუბარი იქნება, ვახტანგ ხმალაძე კვალიფიციურად წარმოადგენს კანონპროექტს. ასევე ველი, რომ კვალიფიციურად წარმოადგენენ პროექტს ეკა ბესელია და მისი პარტნიორები. ვიმსჯელებთ და იმედი მაქვს, იქნება საქმიანი საუბარი", - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა, რომელიც ამ წუთებში კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრას ესწრება.