რუსეთის ხელისუფლება ფასების შესანარჩუნებლად ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ფიქრობს

რუსეთის ხელისუფლება ფასების შესანარჩუნებლად ნავთობის მოპოვების შემცირებაზე ფიქრობს

რუსეთის ხელისუფლება ფასების შენარჩუნების მიზნით, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავს.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა განაცხადა.

"ეს საკითხი მოითხოვს გულდასმით შესწავლას, ვინაიდან ბიუჯეტი საკმაოდ არის დამოკიდებული ნავთობის ფასზე. გარდა ამისა, არ გაგვაჩნია ისეთი ტექნოლოგიები, როგორიც საუდის არაბეთს, რომელსაც შეუძლია ძალიან სწრაფად დაწიოს ან გაზარდოს მოპოვების მოცულობა", - განაცხადა ნოვაკმა.

მისივე თქმით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები შეშფოთებულები არიან ბოლო პერიოდში ნავთობზე ფასის დაწევით. ნოვაკის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება განვითარების სტრატეგიის ფარგლებში მიზნად ისახავს ნავთობის მოპოვების არსებული მოცულობის შენარჩუნებას. რუსეთი საუდის არაბეთის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის მოცულობით.