ყველა სახელმწიფო უწყებას პარლამენტის ნდობის ჯგუფი პრაქტიკულად ფეხებზე ჰკიდია

ყველა სახელმწიფო უწყებას პარლამენტის ნდობის ჯგუფი პრაქტიკულად ფეხებზე ჰკიდია

ამ ეტაპისათვის შეიძლება ითქვას, რომ ყველა სახელმწიფო უწყებას პარლამენტის ნდობის ჯგუფი პრაქტიკულად ფეხებზე ჰკიდია, - ასეთ შეფასებას "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ნდობის ჯგუფის წევრი გივი თარგამაძე აკეთებს, რომელიც პარლამენტის საიდუმლო საქმისწარმოების განყოფილებაში ნდობის ჯგუფისათვის გადაცემულ მასალებს ცოტა ხნის წინ გაეცნო.

როგორც თარგამაძე აცხადებს, "სილქნეტსა" და თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში საიდუმლო აღარაფერია, რადგან "პროკურატურის მიერ მთელი ხელშეკრულებაა მოყოლილი". ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, შესაძლოა მხოლოდ კომუნიკაციის ადგილები არ იყოს გასაჯაროებული და ხელშეკრულება დანართების გარეშე გახდეს საჯარო.

"შემიძლია ხაზი გავუსვა, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ ეტაპისთვის ნდობის ჯგუფი არის იგნორირებული. დღეს კიდევ ერთხელ მქონდა კონსულტაციები ნდობის ჯგუფის იურისტებთან. კანონი ითვალისწინებს სულ მცირე წელიწადში ერთხელ, ყველა უწყებისაგან საიდუმლო შესყიდვებზე ინფორმაციის მოწოდებას. 2013 წელს კანონში განხორციელებული ცვლილებებით კი, ვალდებულება გაჩნდა, რომ 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების საქონლის შესწყიდვის განხორციელებისთანავე ინფორმაცია მიეწოდოს ნდობის ჯგუფს და ასევე 4 მილიონზე მეტი ღირებულების სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას. დღევანდელი მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსგავსი შესყიდვა არც ერთ უწყებას არ განუხორციელებია, თუ არ ჩავთლით ე.წ. კაბელების საქმეს, რომელიც ნდობის ჯგუფისთვის მიწოდებული ერთადერთი ინფორმაციაა. სხვა მსგავსი რაიმე ინფორმაცია საერთოდ არ არის მოწოდებული, რაც არის აბსურდული, რადგან თუკი ასეთი შესყიდვა სახელმწიფოს ორი წლის მანძილზე არ განუხორციელებია, მას ფუნქციონირება დაუსრულებია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ასეთი შესყიდვები განხორციელდა, მაგრამ ნდობის ჯგუფს მასალები არ გადმოეგზავნა. მოთხოვნის მიუხედავად ასეთი მასალები ახლაც არ არის გადმოგზავნილი. ამ ეტაპისათვის შეიძება ითქვას, რომ ყველა უწყებას ნდობის ჯგუფი პრაქტიკულად ფეხებზე ჰკიდია", - აცხადებს გივი თარგამაძე.

რაც შეეხება შეეხება აუდიტის სამსახურის მიერ მიწოდებულ მასალებს, დეპუტატის თქმით, ნდობის ჯგუფისთვის წარმოდგენილია 2011, 2012, 2013 წლების შემოწმების მასალები, მაგრამ 2013 წლის შემოწმება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსთან მიმართებაში და შინაგან საქმეთა სამინისტორს ერთ-ერთ დანაყოფის - დაცვის პოლიციასთან მიმართებით ვრცელდება. ყველაფერი სხვა დანარჩენი 2012 წლით მთავრდება.

"აქედან გამომდინარე, ტრადიცია გრძელდება, როდესაც შინაგან საქმეთა საინისტრო არის შეუვალი უწყება, რომელიც ინფორმაციას არ გასცემს. ინფორმაციები არის დაფარული და ტაბუ შენარჩუნებულია. ამიტომ ვფიქრობ, რომ ან პარლამენტის წინაშე უნდა დაისვას საკითხი, რომ უწყებებმა პარლამენტს და მისი კონტროლის მექანიზმს - ნდობის ჯგუფს სცენ პატივი. სხვა შემთხვევაში ნდობის ჯგუფის არსებობას აზრი არ აქვს. ძალოვანი უწყებების ვალდებულება, რომ ეს მასალები ავტომატურ რეჟიმში მიაწოდონ ნდობის ჯგუფს და არა მას შემდეგ, რაც მას პროკურატურა თუ აუდიტის სამსახური შეისწავლის, შესრულებული არ არის, გამონაკლისია მხოლოდ კაბელების საქმე", – ამბობს გივი თარგამაძე.