პრემიერთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა, შესაძლოა, თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იყოს

პრემიერთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა, შესაძლოა, თვითმმართველობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები იყოს

პრემიერ-მინისტრთან საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა შესაძლოა, "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები იყოს, რომლის კენჭისყრაზე გატანას პარლამენტი ვერ ახერხებს.

საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც ადგილობრივ თვითმმართველობებს აპარატებში შტატების დამატების და საშტატო ერთეულების გაზრდის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესაძლებლობას სწორედ "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები იძლევა. საკითხი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განხილულია, თუმცა კენჭისყრა რამდენჯერმე გადაიდო, რადგან პრობლემას საკმარისი ხმების (სულ მცირე 76 ხმა) არარსებობა ქმნის და ინიციატივის კენჭისყრაზე გატანის შემთხვევაში, პროექტი "ჩავარდება".

როგორც პარლამენტში ამბობენ, თვითმმართველობებში საშტატო ერთეულობის გაზრდის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის ერთსულოვანი პოზიცია არ არის, ინიციატივას ჰყავს მოწინააღმდეგები და შესაბამისად, პროექტის დამტკიცებისთვის საჭირო ხმებიც ვერ გროვდება.

კანონპროექტის ინიციატორი, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანი ადასტურებს, რომ საკითხის კენჭისყრიდან მოხსნა სწორედ კვორუმის პრობლემის გამო მოხდა, თუმცა ამას პოლიტიკური მოტივაციით არ ხსნის. ჟორჟოლიანმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას არ გამორიცხა, რომ პრემიერთან დაგეგმილ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად, მსჯელობის საგანი თვითმმართველობის კოდექსიის თემაც იქნება.

ჟორჟოლიანის მიერ წარდგენილ პროექტს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე, რომელიც როგორც საკუთარი რაიონის მაგალითზე აცხადებს, მუნიციპალიტეტებში დასაქმების და შტატების გაზრდის კუთხით ბაკქანალია შეიქმნა. ებანოიძე ერთ-ერთია, ვინც პროექტს მხარს არ უჭერს.

"ადგილობრივი თვითმართველობების კოდექსში" გავაკეთეთ ჩანაწერი, რომლითაც ადმინისტრაციული ხარჯები შევზღუდეთ. ვთქვით, რომ ხელფასები მუნიციპალიტეტის ხარჯების 25%-ზე მეტი არ უნდა იყოს, რაც მიმაჩნია, რომ ასევე ბევრია. ასევე ვთქვით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალური საბაზისო საშტატო რაოდენობა განისაზღვროს 30 ერთეულით და პლუს, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურით. როცა ხარაგაულის გამგებელი ვიყავი, 58 ადამიანი მუშაობდა, რაც სრულიად საკმარისი იყო და არ მგონია რაიმე დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდნენ. ვთვლი, რომ დიდი ხარჯების გაწევა ხდება და არ კეთდება სხვა რამ. ასევე ცალკე თემაა, რომ დასაქმების საშუალებად არასამეწარმეო იურიდიული პირები იქცა. ხარაგაულში შემოიტანეს ბიუჯეტი - ხარაგაულის ოთხ მეხუთედში არც დასაქმებულია არავინ, არც არაფერი კეთდება და ვინც დასაქმებულია, არიან ისინი, ვინც არის ახლობელი, ნათესავი, ძმაკაცი, არადა ფული არის ყველასი. ამას სჯობს, რომ თუ ეს სოციალური დახმარებაა, მაშინ სოციალური პაკეტი გააკეთონ და ამ ადამიანებს დაეხმარონ და არა ის, რომ დაარქვან დასაქმებული. ხარაგაულის ბიუჯეტით ხელფასების ნაწილში უკვე გადაჭარბებაა და არის 25%-ზე მეტი და ამას 50 შტატი რომ დაემატება, რას იზამენ?! – ადამიანს, რომელსაც 350 ლარიანი ხელფასი აქვს 250 ლარი გაუხდება და ანაზღაურება დაბლა წამოვა, ხოლო მომატებული იქნება შტატი", - აცხადებს ნოდარ ებანოიძე.

ახალი თვითმმართველობის კოდექსით, თვითმმართველ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა რაოდენობის ერთგვარი ლიმიტირება განხორციელდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონით, ყველა მუნიციპალიტეტის მინიმალური საბაზისო საშტატო რაოდენობა 30 ერთეულით და პლუს, ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო მოსამსახურით განისაზღვრა.

ცვლილებები კოდექსის ამ ნაწილში შედის - ჟორჟოლიანის ინიციატივა გულისხმობს შტატების გაზრდის შესაძლებლობას შემდეგნაირად: - რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არის მუნიციპალიტეტში, საშტატო რიცხოვნობას იმდენი საშტატო ერთეული შეიძლება დაემატოს – თუ 15-ია, მაშინ 15 კაცი, თუ 20-ია - 20 კაცი და ასე შემდეგ.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის განსაზღვრის წესი შემდეგი ფორმულით ყალიბდება: - "გამგეობის, მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობაა არანაკლებ 30 ერთეული. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც ამომრჩევლეთა რაოდენობა 45 000 კაცზე ნაკლებია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისთვის დაგეგმილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 3.2 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 450 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს. იმ მუნიციპალიტეტებში კი, სადაც ამომრჩეველთა რაოდენობა 45 000 კაცზე მეტია, საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური რაოდენობის (30 საშტატო ერთეული), შესაბამის საკრებულოში 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის დადგენილი მაჟორიტარული ოლქების რაოდენობის 2.3 კოეფიციენტზე ნამრავლისა და თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე ერთი საშტატო ერთეულის დამატებით მიღებულ ჯამს".