მომხმარებელთა უფლებები სპეციალური კანონით იქნება დაცული

მომხმარებელთა უფლებები სპეციალური კანონით იქნება დაცული

მომხმარებელთა უფლებები სპეციალური კანონით იქნება დაცული. "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტი ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტმა მოამზადა და პარლამენტში ინიცირება უახლოეს დღეებში მოხდება.

კანონპროექტი მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს. მასში მოწესრიგებულია სხვადასხვა სამომხმარებლო სფერო, მათ შორის: დისტანციური და ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით დადებული ხელშეკრულებები, ქუჩაში დადებული ხელშეკრულებები, შეცდომაში შემყვანი რეკლამა და კომერციული საქმიანობა, ხელშეკრულების უსამართლო პირობები. კანონპროექტით ყურადღება ეთმობა მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდებასთან და საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ახალი ინსტიტუტის - მომხმარებელთა ომბუდსმენის ამოქმედება, რომლის მიზანიც საქართველოს ტერიტორიაზე მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, მათი უფლებების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობაა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძე განმარტავს, კანონპროექტის მიღების მიზანშეწონილობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებიდან გამომდინარეობს.