ბორჯომში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა

ბორჯომში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადაეცა

ამერიკის შეერთებული  შტატების  ელჩმა  საქართველოში,  რიჩარდ ნორლანდმა, საქართველოს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა,  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ  სუბარმა, ბორჯომის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ 18 ოჯახს საცხოვრებელი სახლის გასაღები გადასცეს.

ბორჯომში ყოფილი სამშობიარო სახლის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID-ის) დაფინანსებით განახორციელა. სამუშაოების საერთო ღირებულება  887.776.17 ლარია. პროექტის ფარგლებში 18 საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაცია მოხდა. მათგან 8  ერთოთახიანი, 6  ოროთახიანი, 4  სამოთახიანი, მათ შორის 1  ბინა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სრულადაა ადაპტირებული. პროექტის განმავლობაში მშენებლობაზე 100  ადამიანი იყო დასაქმებული, აქედან 40% ადგილობრივი მოსახლე იყო.

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წელს საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში 4 შენობის რეაბილიტაცია დაიწყო. ბორჯომის გარდა, შენობების რეაბილიტაცია  კასპსა და ქუთაისში ხორციელდება. წლის ბოლომდე ორივე მუნიციპალიტეტში დასრულდება შენობების რეაბილიტაცია და იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი საცხოვრებელი სახლი ექნებათ. ქუთაისში 110 ბინიანი შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კასპში ერთდროულად ორი შენობის რეაბილიტაცია ხორციელდება და ჯამში საცხოვრებელი სახლის გასაღებს 113 ოჯახი მიიღებს. სამივე მუნიციპალიტეტში შენობების რეაბილიტაციის დასრულების შედეგად 241 იძულებით გადაადგილებული ოჯახი იქნება საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფილი.

აღსანიშნავია, რომ ყველა საცხოვრებელს გააჩნია ინდივიდუალური სააბაზანო და საპირფარეშო, რომელიც სრულად არის აღჭურვილი. სამზარეულოებში დამონტაჟდა წყლის გამათბობლები, ასევე, დაიდგა კარმის ტიპის გაზგამათბობელი. ეზოში მოწყობილია სათამაშო ატრაქციონი, ასევე, მოეწყო ავტომანქანებისთვის სადგომი. დამონტაჟდა გარეგანათების ქსელი და დეკორატიული სანათები. შენობა უზრუნველყოფილია წყლის სისტემით,  რომელიც აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლოებას  24 საათიან  წყალმომარაგებას უზრუნველყოფს.