კანონიერ მიყურადებას ამ საქმის პროფესიონალები უნდა ახორციელებდნენ

კანონიერ მიყურადებას ამ საქმის პროფესიონალები უნდა ახორციელებდნენ

კანონიერ მიყურადებას უნდა ახორციელებდნენ ამ საქმის პროფესიონალები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. როგორც მარგველაშვილმა განმარტა, გარდა ამ ფაქტორისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნებისმიერი მიყურადება განხორციელდეს სასამართლოს ნებართვით.

"მე მივესალმები დისკუსიას ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ორი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა აქ განსასაზღვრი: პირველი – კანონიერ მიყურადებას უნდა ახორციელებდნენ ამ საქმის პროფესიონალები, და მეორე – ნებისმიერი თემა, რომელიც განიხილება, უნდა გამორიცხავდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ნებისმიერ მიყურადებას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტი კანონის სახეს მალე მიიღებს და ის არ იქნება დაყენებული იგივე რეალობის წინაშე, როგორც წინა შემთხვევაში.

"იმედი მაქვს, ეს დისკუსია მალე დასრულდება და მიიღებს კანონის ფორმას და მე არ ვიქნები დაყენებული იგივე ფორსმაჟორული არჩევანის წინაშე, როგორც წინა შემთხვევაში. მადლობა მინდა გადავუხადო პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელმაც დიდი იმედი მომცა, რომ მე არ მექნება საათებსა და წუთებში ჩემი პოზიცია ჩამოსაყალიბებელი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.