ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მერიის წარმომადგენლებთან ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

ფრაქცია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მერიის წარმომადგენლებთან ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“–ს და თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, დასრულების შემდეგ კი მხარეებმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“–ს წარმომადგენლებს გარკვეული შენიშვნები ჰქონდათ, მაგრამ მთლიანობაში შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა.

„ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ. მთავარი ჩვენი გზავნილი იყო ის, რომ ნებისმიერი ბიუჯეტი კომპრომისული ბიუჯეტია. ნებისმიერი მიმართულებით საჭიროებები უფრო მეტია, მაგრამ 2015 წლის ბიუჯეტში არის ძალიან ბევრი სიახლე, შემოტანილია ძალიან ბევრი ახალი დეტალი. ამ ბიუჯეტს შეგვიძლია დავარქვათ სახელად „ჯერ ადამიანი“, რადგან ძალიან ბევრი სოციალური საკითხია წამოწეული“, – აღნიშნა ალუდა გოგლიჩიძემ.

მისი თქმით, იყო შენიშვნები ინფრასტრუქტურული პროექტებთან დაკავშირებით, ასევე განათლების მიმართულებით დაზუსტდა გარკვეული დეტალები, იყო ტექნიკური ხასიათის კითხვებიც. მერის მოადგილე ამბობს, რომ დეპუტატებთან გარკვეულ სამუშაო რეჟიმზე მოხდა შეთანხმება და გამოთქმული შენიშვნების მიმართულებით ბიუჯეტის პროექტზე მუშაობა კვლავ გაგრძელდება.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“–ს თავმჯდომარის, გიორგი მუსხელიშვილის თქმით, ფრაქციის წარმომადგენლებმა თბილისის მთავრობას ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები წარუდგინეს.

„საკითხები მრავლად იყო და ორსაათიანი შეხვედრის განმავლობაში ამ თემებს კონკრეტიკამდე ჩავყევით. ბევრ საკითხზე ადგილზევე შევთანხმდით, ხოლო გარკვეული საკითხები დარჩა ღიად. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის ფორმატშიც მოხდება ამ საკითხებზე მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი მუსხელიშვილმა.

მისი თქმით, ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა, რომელზეც ფრაქციის წარმომადგენლებს ჰქონდათ შენიშვნები, არის ძველი თბილისის უბნების აღდგენა, რათა ადამიანებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ საცხოვრებელი სახლი თავზე დაენგრევათ. მეორე საკითხი, რასაც გიორგი მუსხელიშვილმა ხაზი გაუსვა, როგორც ვაკის მაჟორიტარმა დეპუტატმა, არის მის რაიონში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები. ფრაქციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ თუკი მერიის მხრიდან გათვალისწინებული იქნება შეხვედრაზე გამოთქმული შენიშვნები, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ წარმოდგენილ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტზე შეთანხმება რთული იქნება.

ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“–ს წარმომადგენელმა, ლია ჯახველაძემ იმედი გამოთქვა, რომ შენიშვნები გათვალისწინებული იქნება და შესაბამისად, ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ ბიუჯეტს მხარს დაუჭერს.

„როგორც მაჟორიტარს მქონდა შენიშვნები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან დაკავშირებით. სამგორის რაიონში ამ მიმართულებით თანხა შემცირებული იყო და ვთვლი, რომ ჩვენი შენიშვნები გათვალისწინებული უნდა იყოს, თუმცა ბიუჯეტში ჩადებული თანხაც ამ მხრივ არ არის მინიმალური. შენიშვნა მქონდა წყალმომარაგებასთან დაკავშირებით, რაც ყოველთვის სადავო თემა იყო „GWP“–სა და ადგილობრივ თვითმართველობას შორის, რისი გაკეთება ვისი პრეროგატივა იყო და ვინ რაზე იყო ვალდებული. ალბათ აქაც იქნება დამატებითი განმარტებები მოწოდებული“, – განაცხადა ლია ჯახველაძემ.

ამასთანავე, მას, როგორც სახელდებისა და სიმბოლოკის კიმისიის თავმჯდომარეს, ასევე ჰქონდა შენიშვნა, რომ თანხები, რომლებიც აბრებისა და მემორიალური დაფებისთვის არის ბიუჯეტში გათვალისწინებული, საკმარისი არ არის.