გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ყოფნისას, ყველა საფრთხე უნდა იყოს აღმოფხვრილი

გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ყოფნისას, ყველა საფრთხე უნდა იყოს აღმოფხვრილი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში ყოფნის მხრივ, ყველა საფრთხე უნდა იყოს აღმოფხვრილი და მაქსიმალურად მინიმიზირებული.

როგორც ჟურნალისტებს დოლიძემ განუცხადა, თუკი აღნიშნული პატიმრები იმყოფებიან ციხეში, მოთავსებული უნდა იყვნენ სათანადო პირობში, რათა მათ ციხიდან გასვლა ვერ შეძლონ, ხოლო თუკი არიან გარეთ, საჭიროა მათი მაქსიმალური მონიტორინგი.

"საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ შექმნილ საერთაშორისო კოალიციის აქტიური წევრია. ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი მოწინავეა ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში. გუანტანამოს ბაზის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ანტიტერორისტულ კოალიციაში მონაწილე ქვეყნებმა პატიმრები გადაინაწილეს, მათ შორის არის სლოვაკეთი, პოლონეთი, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის სხვადასხვა ქვეყნები", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ვიქტორ დოლიძემ.

აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, გუანტანამოს ციხეში ამ დროისთვის 143 პატიმარი რჩება. აშშ-ის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2010 წელს გუანტანამოს ციხიდან საქართველოში სამი პატიმარი იქნა გამოგზავნილი.

გუანტანამოს ციხე ოფიციალურად 2002 წლის იანვარში გაიხსნა სპეციალური პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ინაუგურაციის მეორე დღესვე მოაწერა ხელი. თუმცა, კონგრესის უარის გამო, ციხის დახურვა ამ დრომდე არ მომხდარა.