გუანტანამოდან გადმოყვანილ პატიმრებთან დაკავშირებით, ჩვენი უწყება სრულ პასუხისმგებლობას იღებს

გუანტანამოდან გადმოყვანილ პატიმრებთან დაკავშირებით, ჩვენი უწყება სრულ პასუხისმგებლობას იღებს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, გუანტანამოდან გადმოყვანილ პატიმრებთან დაკავშირებით, მისი უწყება სრულ პასუხისმგებლობას იღებს. როგორც იზორია აცხადებს, უწყება იღებს პასუხისმგებლობას და საზოგადოება მაქსიმალურად იქნება დაცული. აღნიშნული განცხადება იზორიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

როგორც იზორია აცხადებს, გუანტანამოდან ყოფილი პატიმრების გადმოყვანა დღეს,  21 ნოემბერს მოხდება. მისივე თქმით, სად განთავსდებიან ისინი, ეს ინფორმაცია საიდუმლოა.

"გუანტანამოს პატიმრებთან დაკავშირებით მსურს განვაცხადო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო და აშშ თანამშრომლობს ამ მიმართულებით, ეს არის ჰუმანიტარული აქცია, კერძოდ, ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია- რეაბილიტაციას ემსახურება. ასეთი უკვე განხორციელდა 2010 წელს, როდესაც 3 ყოფილი პატიმარი ჩამოიყვანეს. ისინი ცხოვრობდნენ უსაფრთხოდ და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. ახლაც ხორციელდება 3 პატიმრის ჩამოყვანა, როგორც უწყება, ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად იქნება საზოგადოება დაცული. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი ამ ყოფილი პატიმრების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის შესაძლებლობა. რესოციალიზაცია- რეაბილიტაცია გულისხმობს ერთგვარ თავისუფლებას და ბუნებრივია, თავისუფლება არ იქნება ისეთი, როგორიც სხვა მოქალაქეებს აქვთ, მაგრამ ისინი იქნებიან დაკვირვების ქვეშ", - განაცხადა იზორიამ.

აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

გუანტანამოს ციხე ოფიციალურად 2002 წლის იანვარში გაიხსნა სპეციალური პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ინაუგურაციის მეორე დღესვე მოაწერა ხელი. თუმცა, კონგრესის უარის გამო, ციხის დახურვა ამ დრომდე არ მომხდარა.