"განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა პირველად შეიქმნა"

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების სფეროს განვითარების გეგმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„დღევანდელი კონფერენცია ეძღვნება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სფეროს - განათლებას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას მთავარ პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული. დღეს ჩვენ განსახილველად გამოგვაქვს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული განათლების სისტემის განვითარების გეგმა. მინდა გითხრათ, რომ პირველად შეიქმნა განათლების განვითარების გრძელვადიანი ხედვა, რომელიც მოიცავს განათლების ყველა კომპონენტს, იქნება ეს სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება. მეცნიერების განვითარებასა და სწავლის უზრუნველყოფას მოხმარდება ეს ყოველივე“, - აღნიშნა მან.

ამ საქმეში დახმარებისთვის პრემიერმა მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და საქართველოში მის წარმომადგენელს. ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც განათლების 10-წლიანი სტარტეგიის შემუშავების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული. ღარიბაშვილის თქმით, მათი მხარდაჭერით განათლების სისტემის სრული კვლევა და ანალიზი შესაძლებელი გახდა.