სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური 22 ნოემბერს გაიმართება

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური 22 ნოემბერს გაიმართება

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ორგანიზაციის "მოქალაქე" პროექტის, სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტური 22 ნოემბერს გაიმართება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ოლიმპიადის პირველ ტურში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონის 1277 სკოლის 22 ათასზე მეტი მოსწავლე მიიღებს. მოსწავლეები ტესტირებას საკუთარ სკოლებში გაივლიან.

პირველი ნაკადის რეგისტრაცია 10:00 საათზე დაიწყება.

გამოცდა კომპიუტერულად ტარდება. ერთი საათის განმავლობაში მოსწავლეებმა 40 დავალებას უნდა გასცენ პასუხი. ყველა დავალება არჩევითპასუხიანია - მოსწავლე ეკრანზე დაინახავს დავალებას და 4 სავარაუდო პასუხს, რომელთაგან უნდა მონიშნოს ერთ-ერთი. საკუთარ შედეგს მონაწილე ტესტირების დასრულებისთანავე შეიტყობს - მიღებული ქულა მონიტორზე გამოჩნდება.

მომდევნო ტურში გადასული მოსწავლეების სია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

21 ნოემბერს ყველა მონაწილე სკოლას აქვს პრეტესტის გავლის შესაძლებლობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე - www.naec.ge.

ოლიმპიადის გამარჯვებულებს ორგანიზაცია "მოქალაქე" სხვადასხვა პრიზებით დააჯილდოებს. გარდა ამისა, გათვალისწინებულია საუკეთესო შედეგის მქონე 20 მოსწავლის გამგზავრება ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) კურსებზე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის ინიციატორია ორგანიზაცია "მოქალაქე". პროექტს ახორციელებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.

ოლიმპიადა მიზნად ისახავს მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობას. პროექტით განსაზღვრულია ნიჭიერი, მაღალი მოქალაქეობრივი კომპეტენციისა და სოციალურად აქტიური მოსწავლეების გამოვლენა და მხარდაჭერა, ინფორმირებული, აქტიური და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე მოქალაქეების აღზრდის ხელშეწყობა.

სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაში მონაწილეობენ საქართველოს სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეები.

ოლიმპიადა ტარდება ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

პროექტის ფარგლებში მომზადდა ვიდეოლექციების კურსი ,,სამაგალითო ადამიანები". ლექციების მიზანია ახალგაზრდებს გააცნოს საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი ადამიანების ისტორიები, რომელთა ცხოვრებაც სხვადასხვა ეპოქაში მოქალაქეობრივი ცნობიერებისა და ღირებულებების უპირობო დაცვისა და თავგანწირვის მაგალითებს წარმოადგენს.