„ამ პროცესში ვერ ვხედავ სახელმწიფოს დანგრევის და სახელმწიფოს აშენების მსურველებს“-უსუფაშვილი ე.წ. გასაღებზე

„ამ პროცესში ვერ ვხედავ სახელმწიფოს დანგრევის და სახელმწიფოს აშენების მსურველებს“-უსუფაშვილი ე.წ. გასაღებზე

მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამ პროცესში ვერ ვხედავ სახელმწიფოს დანგრევის და სახელმწიფოს აშენების მსურველებს, მე ვხედავ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების ავტორების მცდელობით მოხერხდება კომპრომისული და შეჯერებული ვერსიის მიღება პარლამენტის მიერ, - ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა ე. წ. გასაღების საკითხთან დაკავშირებით გააკეთა.

"როგორც ვიცი, ვახტანგ ხმალაძე და ეკა ბესელია, რომლებიც სხვადასხვა პროექტის ავტორები არიან, მსჯელობენ, რომ უფრო დეტალურად განიხილონ ეს საკითხები. მომავალი კვირის განმავლობაში ყველასგან ველოდები კონსტრუქციულ ნაბიჯებს და დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ამ ეტაპზე ოპტიმალური გამოსავალი, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები და უზრუნველყოფილი იყოს კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები სამართალდამცველი ორგანოების ხელში. ის რომ, დედამიწის ზურგზე ეს საკითხი ბოლომდე არსად და ვერსად ვერ მოგვარდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ბევრი სხვადასხვა ვერსია და ვარიანტი. ტექნიკურ საკითხებში არ უნდა ჩავეფლოთ მხოლოდ, ეს პოლიტიკურადაც უნდა მოგვარდეს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ეს მოხერხდება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.