საქართველო აგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველასთან

საქართველო აგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველასთან

საქართველო აგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველასთან, ხოლო მათთან, ვინც ასოცირების ხელშეკრულებაში გაერთიანდნენ , რა თქმა უნდა, ურთიერთობა იქნება უფრო მჭიდრო და განსაკუთრებულად აქტიური, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმზე" სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ მეზობელი ქვეყნებიც ასევე მოიქცევიან თავიანთი პოლიტიკის განხორციელებისას.

"აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი" აერთიანებს ექვსი ქვეყნის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. მსჯელობა ეხება აღმოსავლეთის პარტნიორობის მომავალს იმ პირობებში, როდესაც ექვსი ქვეყნიდან სამმა - მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ მოაწერა ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ხოლო ბელორუსმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა სხვა გზა აირჩიეს. გვქონდა საუბარი ამ პირობებში, როგორ უნდა გაგრძელდეს ურთიერთობა. პატივცემულ სტუმრებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოვახსენე, რომ საქართველო აგრძელებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს ყველასთან, მათთან, ვინც ასოცირების ხელშეკრულებაში გაერთიანდნენ, რა თქმა უნდა, - უფრო მჭიდრო და განსაკუთრებულად აქტიურს. ჩვენს მეზობლებთან აზერბაიჯანთან და სომხეთთან ჩვენ გავაგრძელებთ კეთილმეზობლურ ურთიერთობას და არაფერი არ იქნება მათთვის მიუღებელი ჩვენს ნაბიჯებში ევროპასთან ერთად. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი მეზობლები ზუსტად ასევე მოიქცევიან თავიანთი პოლიტიკის განხორციელებისას, ეს იქნება ევრაზიული კავშირის შიგნით, თუ დამოუკიდებლად", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, სამოქალაქო ფორუმები ინტეგრაციის საკითხებში დიდ როლს ასრულებს. დავით უსუფაშვილის განმარტებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ასოცირების ხელშეკრულებით საქართველომ იტვირთა.

"სამოქალაქო ფორუმები არის ძალიან მნიშვნელოვანი , რადგან საბოლოო ჯამში უნდა მოხდეს საქართველოს მოქალაქეების ასოცირება ევროპასთან და არა მხოლოდ საქართველოს, როგორც ქვეყნის. თითოეული მოქალაქე უნდა გახდეს ამ პროცესის მონაწილე, მიიღოს ის სიკეთეები, რაც ამ ურთიერთობებს მოაქვს და აიღოს ის პასუხისმგებლობები, რომლებიც ამ ურთიერთობას ახლავს", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.