გუანტანამოს ციხის 3 პატიმარს, რომლებიც 2010 წელს ჩამოიყვანეს, საქართველოში არაფერი დაუშავებიათ

გუანტანამოს ციხის 3 პატიმარს, რომლებიც 2010 წელს ჩამოიყვანეს, საქართველოში არაფერი დაუშავებიათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის განცხადებით, გუანტანამოს ციხის პატიმრების საქართველოში გამოგზავნის პრაქტიკა წარსულშიც იყო. როგორც უტიაშვილმა "რუსთავი 2"- თან საუბარში განაცხადა, გუანტანამოს ციხის 3 პატიმარი 2010 წელსაც ჩამოიყვანეს საქართველოში.

"ისინი 9 წელი იყვნენ ციხეში, თუმცა ბრალი წაყენებული არ ჰქონდათ. ეს პირები ეჭვმიტანილი იყვნენ იმაში, რომ სიმპათიით უყურებდნენ ისლამურ მოძრაობას, მაგრამ რაიმე კონკრეტულ დანაშაულზე ინფორმაცია არ არსებობდა. ისინი 2010 წლიდან ცხოვრობდნენ საქართველოში. სამიდან ორი გაემგზავრა მშობლიურ ქვეყანაში. სანამ აქ იყვნენ, არც ერთს არაფერი დაუშავებია", -განაცხადა უტიაშვილმა.

მისივე თქმით, სამივე თბილისში, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობდა, მათზე ხორციელდებოდა კონტროლი, თუმცა გადაადგილების თავისუფლება ჰქონდათ.

აშშ-ის ხელისუფლებამ გუანტანამოს ციხიდან სამი პატიმარი საქართველოში გამოაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას "ნიუ იორკ თაიმსი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "გუანტანამოს" ციხე ოთხმა იემენელმა და ერთმა ტუნისელმა პატიმარმა დატოვა. არსებული ინფორმაციით, სამი იემენელი პატიმარი საქართველოში იქნა გამოგზავნილი, ერთი იემენელი და ერთი ტუნისელი კი, სლოვაკეთში.

"ნიუ იორკ თაიმსის" ცნობით, გუანტანამოს ციხეში ამ დროისთვის 143 პატიმარი რჩება.

გუანტანამოს ციხე ოფიციალურად 2002 წლის იანვარში გაიხსნა სპეციალური პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ტერორისტულ აქტებში ან ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობაში ედებათ ბრალი.

2009 წლის 21 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ციხის დახურვის ბრძანებას ინაუგურაციის მეორე დღესვე მოაწერა ხელი. თუმცა, კონგრესის უარის გამო, ციხის დახურვა ამ დრომდე არ მომხდარა.