მინდა, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ამ პროცესში ვერ ვხედავ სახელმწიფოს დანგრევის და სახელმწიფოს აშენების მსურველებს, მე ვხედავ განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტების ავტორების მცდელობით მოხერხდება კომპრომისული და შეჯერებული ვერსიის მიღება პარლამენტის მიერ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ე. წ. გასაღების საკითხთან დაკავშირებით კომენტირების დროს განაცხადა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, დარწმუნებულია, რომ კონსტრუქციული ნაბიჯებით მოიძებნება გამოსავალი, რომლის მიხედვითაც დაცული იქნება ადამიანის უფლებები და სამართალდამცველ ორგანოებს ექნებათ კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკითხმა პოლიტიკური დატვირთვა მიიღო.
"როგორც ვიცი, ვახტანგ ხმალაძე და ეკა ბესელია, რომლებიც სხვადასხვა პროექტის ავტორები არიან, მსჯელობენ, რომ უფრო დეტალურად განიხილონ ეს საკითხები. მომავალი კვირის განმავლობაში ყველასგან ველოდები კონსტრუქციულ ნაბიჯებს და დარწმუნებული ვარ, მოიძებნება ამ ეტაპზე ოპტიმალური გამოსავალი, რათა დაცული იყოს ადამიანის უფლებები და უზრუნველყოფილი იყოს კრიმინალთან ბრძოლის ეფექტური საშუალებები სამართალდამცველი ორგანოების ხელში. ის რომ, დედამიწის ზურგზე ეს საკითხი ბოლომდე არსად და ვერსად ვერ მოგვარდა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაბიჯები არ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ბევრი სხვადასხვა ვერსია და ვარიანტი. ტექნიკურ საკითხებში არ უნდა ჩავეფლოთ მხოლოდ, ეს პოლიტიკურადაც უნდა მოგვარდეს და იმედი მაქვს, რომ პარლამენტში ეს მოხერხდება", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული კომენტარი ბათუმში, სასტუმრო "რადისონში" მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის" დასწრების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
საქართველოს პრემიერმა მინისტრმა ე.წ. მოსმენებთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გააკეთა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. გასაღების არასამთავრობოების პროექტს და მათ "ნაციონალების" ლობირებაში ადანაშაულებს.
"მათი მთავარი მიზანია შსს-ს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს და ვის ინტერესებშია სახელმწიფო ინსტიტუტებთან ბრძოლა, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი მთავარი მიზანი, როგორც ოპოზიციის, ისე პოზიციის უნდა იყოს, რომ სახელმწიფო გავაძლიეროთ და არ დავასუსტოთ. მანამ, ვიდრე პრემიერ-მინისტრი ვარ, არავის მივცემ უფლებას, ექსპერიმენტები ჩაატარონ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობაზე, ეს გამორიცხულია. ჩვენ მივიღებთ ისეთ კანონს, რომელიც მორგებულია ჩვენს რეალობაზე", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.