წელიწადზე მეტია, რაც საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ ადგილზე ახალ მოსამართლეს ვერ ამტკიცებს, რითაც კანონი ირღვევა.
არსებული ინფორმაციით, მიზეზი მმართველ უმრავლესობაში მოსამართლის კანდიდატურაზე შეუთანხმებლობაა.
საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან სამს პარლამენტი, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს. სწორედ პარლამენტის კვოტით იყო არჩეული მოსამართლე ვახტანგ გვარამია, რომელსაც 10-წლიანი უფლებამოსილება ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბრეში ამოეწურა. პარლამენტი კანონის გათვალისწინებით, ვალდებული იყო, გვარამიას შემცვლელი ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე ან ამოწურვიდან მაქსიმუმ ათ დღეში აერჩია, რაც არ მომხდარა და ერთი ადგილი საკონსტიტუციო სასამართლოში დღემდე ვაკანტურად რჩება.
როგორც პარლამენტში ამბობენ, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის არჩევის საკითხი "გაჭედილია" არა ტექნიკური მიზეზებით, არამედ იმის გამო, რომ უმრავლესობა კანდიდატურაზე ვერ შეთანხმდა. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე მმართველი გუნდის ლიდერთა შორის იყო კონსულტაციები, კონკრეტული კანდიდატურებიც დასახელდა, მაგრამ ვერ შეთანხმდნენ, ვისთვის დაეჭირათ მხარი.
"საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად ასარჩევი კანდიდატურების დასახელების უფლება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ათკაციან ჯგუფს, რომელიც არც ერთ ფრაქციაში არ შედის.