კოტე კუბლაშვილმა მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

კოტე კუბლაშვილმა მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "მოსამართლის პროფესიული კარიერა და სასამართლოს ადმინისტრირება სამართლებრივ სახელმწიფოში" მიმდინარეობს. კონფერენცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა და პოლონეთის ელჩის მრჩეველმა მარცინ ჟოჰოვსკიმ გახსნეს.

"დღევანდელ კონფერენციაზე განიხილება ქართული სასამართლოსთვის აქტუალური საკითხები. ეს ეხება მათ შორის სასამართლოს მართვის დინამიკას და მოსამართლეების კარიერულ სვლას. მოვისმენთ საერთაშორისო სპეციალისტების გამოცდილებას, რაც კარგი იქნება ჩვენი სასამართლოსთვის", - განაცხადა კოტე კუბლაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ გერმანელი, პოლონელი, თურქი, სომეხი და აზერბაიჯანელი მოსამართლეები, ასევე ხორვატი ექსპერტი ევროკავშირის, კერძოდ კი ასოცირების ხელშეკრულების საკითხებში. ორი დღის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გააცნონ მოსამართლეთა კარიერული გზის სხვადასხვა ქვეყნის მოდელები, ასევე სასამართლო ადმინისტრირების თანამედროვე გამოწვევები, სასამართლოებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები და ქართველ მოსამართლეებთან ერთად იმსჯელონ მართლმსაჯულებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

ღონისძიება იმართება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის ორგანიზებითა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხარდაჭერით.