პრეზიდენტის მიერ დღეს შეწყალებულ მსჯავრდებულებს შორის უვადო პატიმრობამისჯილი პირები არ არიან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, უვადო მსჯავრდებულთა საკითხი კომისიამ ცალკე, 17 ნოემბრის სხდომაზე განიხილა. ქორიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის შეწყალებისთვის საჭირო კრიტერიუმებს 7 სამუდამო პატიმრობამისჯილი პირი აკმაყოფილებს.
"სამუდამო პატიმრობამისჯილი ბრალდებულების განცხადებები 15-16 ნოემბრის სხდომაზე განხილული არ ყოფილა, თუმცა, შესაძლოა, შემდგომ განხილვებზე იყოს. მხოლოდ 7 უვადო მსჯავრდებულია, რომელთა საქმეებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ანუ მათ მოხდილი აქვთ 15 წელზე მეტი. უვადო პატიმრობამისჯილთა საკითხზე ჩვენ დამატებით 17 ნოემბერს გავმართეთ სხდომა, თუმცა კომისიას კონკრეტულ განცხადებაზე არ უმსჯელია. ჩვენ ვიმსჯელეთ უვადო მსჯავრდებულებთან მიმართებაში საერთო პოზიციის ჩამოყალიბებაზე. ყველამ იცით, რომ რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტთან შეწყალების კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ უვადო მსჯავრდებულებთან დაკავშირებით შეწყალების აქტის გამოყენების მექანიზმების შემუშავება იყო. ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა უახლოეს ხანში ვგეგმავთ, რომ პრეზიდენტს შევთავაზოთ ჩვენი წინადადებები", - განაცხადა ზვიად ქორიძემ.
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს 121 პატიმარი შეიწყალა.