კენეტ იალოვიცი – ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება, საქართველოსგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოცილების მომდევნო ეტაპია

კენეტ იალოვიცი – ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულება, საქართველოსგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ჩამოცილების მომდევნო ეტაპია

რუსეთისა და დე-ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას შორის დაგეგმილი ხელშეკრულება - "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" რეგიონზე გავლენას მოახდენს. ამის შესახებ "ამერიკის ხმა"-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა განაცხადა.

"ძალიან შეშფოთებული ვარ და დიახ, ეს გავლენას მოახდენს რეგიონზე... ვიცი, რომ თბილისში ამასთან დაკავშირებით დემონსტრაციები გაიმართა. კითხვები სოხუმსაც გაუჩნდა და ვფიქრობ, რომ არც ისინი არიან ამით ბოლომდე კმაყოფილი. იქიდან გამომდინარე, რაც ამ ხელშეკრულებაზე ვიცი, მისი შესრულების შემთხვევაში რუსეთი დე-ფაქტო აფხაზეთს მიიერთებს. ეს საქართველოსგან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თანდათან ჩამოცილების პროცესის მომდევნო ეტაპია. პროცესი გაცილებით ადრე დაიწყო, რუსული პასპორტების დარიგებით, სავაჭრო შეღავათებით, ომით, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებით, რომელსაც რუსეთის გარდა, სულ ორიოდ ქვეყანა სცნობს. ხელშეკრულების ხელმოწერა ფაქტობრივად საქართველოს ამ ნაწილების მიერთებას ნიშნავს. გვაქვს 2008 წლის ომის პრეცედენტიც, როცა რუსეთმა საზღვრების შეცვლა დაიწყო და სუვერენულ საქართველოს ტერიტორიები ჩამოაჭრა. უახლესი ისტორიის მანძილზე საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი დაიკარგა", - განაცხადა კენეტ იალოვიცმა. 

მისივე თქმით, ანალოგიური რამ მოხდა უკრაინაშიც, ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა რუსეთმა დაუფარავად, ძალის გამოყენებით ყირიმის ანექსია განახორციელა. 

"ამგვარი რამ ჯერჯერობით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში არ მომხდარა. ახლა მთავარია ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები უკრაინის აღმოსავლეთ პროვინციებში - ლუგანსკში და დონეცკში, სადაც სეპარატისტული ძალები აქტიურობენ. რამდენად სურს რუსეთს მათი დამოუკიდებლობის აღიარება, ისევე როგორც აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში? რუსეთი აგრძელებს ნაჭერ-ნაჭერ უკრაინის სუვერენიტეტის და გავლენის შეზღუდვას. რა მხრიდანაც არ უნდა შეხედო, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია, რომელიც მთლიანად უგულებელყოფს ევროპის "ცივი ომის" შემდგომი პერიოდის უსაფრთხოების მთელ სტრუქტურას, რაც საზღვრების, სუვერენიტეტების, ტერიტორიული მთლიანობის, ძალის არგამოყენების პრინციპების პატივისცემაში გამოიხატებოდა.

ამ ყველაფერს რუსეთი დათანხმდა, როცა 1994 წელს ხელი მოაწერა მემორანდუმს შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან და უკრაინასთან ერთად და რის საფუძველზეც საბჭოთა ატომური იარაღი რუსეთის მფლობელობაში გადავიდა. ეს იყო მტკიცე საერთაშორისო ვალდებულება, რომელზე პასუხისმგებლობაც რუსეთმა თავის თავზე აიღო და შემდეგ ერთი ხელის მოსმით დაარღვია. ეს ახალი რეალობაა, სადაც მთავარი გამოწვევა რუსეთთან ერთად ევროპაში ახალი უსაფრთხოების სისტემის შემუშავება იქნება, რომელშიც ამ პრინციპების აღიარება მოხდება. იქიდან გამომდინარე, თუ რა პოზიციზე დგას დღეს მისტერ პუტინი, ეს იოლი საქმე არ იქნება", -განაცხადა ყოფილმა ელჩმა.