კენეტ იალოვიცი - არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო არ დაუბრუნდეს იმპულსურ ლიდერებს შორის ყოვლად უსარგებლო კონფრონტაციების ხანას

კენეტ იალოვიცი - არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო არ დაუბრუნდეს იმპულსურ ლიდერებს შორის ყოვლად უსარგებლო კონფრონტაციების ხანას

პოლიტიკური დაპირისპირებები საპარლამენტო განხილვების დონეზე უნდა იყოს და არა იმ ჭრილში, რომელიც თანამდებობის პირების დათხოვნის შემდეგ ერთმანეთის მიმართ ბრალის წაყენების პერიოდში მოვისმინეთ, ეს ბევრში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საქართველო უკან ბრუნდება, - ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, კენეტ იალოვიცმა "ამერიკის ხმის" ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში, საქართველოში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. 

"ახალ თავდაცვის მინისტრს - არა, მაგრამ საგარეო საქმეთა მინისტრს კარგად ვიცნობ, მასთან ერთად მიმუშავია კიდეც საქართველოში ჩემი ელჩობის პერიოდში. ის ამერიკაში სწავლობდა და ვიცი, რომ ძალიან კარგი გამოცდილება აქვს. ჩემი აზრით, ის თავს საქმეს, საუკეთესოდ გაართმევს. მთელი ეს ცვლილებები რომ შევაჯამოთ, თვალს უფრო მეტად იმას ვადევნებთ, თუ რამდენად არის ეს პროცესები საქართველოს დემოკრატიული ევოლუციის ნაწილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ კოალიციის დაშლა ბუნებრივი პროცესის ნაწილია, რადგან კოალიცია ხომ ბევრი სხვადასხვა შეხედულების მქონე პარტიებისგან შედგება. მათ მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდათ - მიხეილ სააკაშვილის დამარცხება, რაც მათ მოახერხეს. იქ იყო ლიბერალური პარტიები, ნაციონალისტური, კონსერვატიული ჯგუფებიც. "თავისუფალი დემოკრატების" "ქართული ოცნებიდან" წასვლა ნიშნავს იმას, რომ კოალიციიდან ლიბერალთა ერთ-ერთი ჯგუფი წავიდა. გვაინტერესებს, არის თუ არა ეს რეალურად ნამდვილი პოლიტიური პარტიების ფორმირების დასაწყისი, რომელთაც საკუთარი ღირებული პროგრამა, ლიდერთა გუნდი, ქვეყნის მასშტაბით არსებული პარტიული სტრუქტურა და არჩევნებისთვის მკაცრად განსაზღვრული სია გააჩნია. თუკი მოვლენები ამ გზით განვითარდა, საქართველოში, სავარაუდოდ, 3-4 ძლიერი პოლიტიკური პარტია შეიქმნება, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას პროგრამებით და იდეებით გაუწევენ და არა პიროვნებების საშუალებით. დაახლოებით ერთი წლის წინ დავწერეთ კიდეც, რომ საქართველოს ლიდერები სჭირდება, და არა მესიები", - განაცხადა კენეტ იალოვიცმა და აღნიშნა, რომ "ახალგაზრდა, ძლიერი ლიდერებია საჭირო, რომელიც ქვეყანას კიდევ უფრო დააწინაურებენ".

მისივე თქმით, "არსებობს შეშფოთება, რომ საქართველო არ დაუბრუნდეს იმპულსურ ლიდერებს შორის ყოვლად უსარგებლო კონფრონტაციების ხანას". 

"საქართველოს წინაშე ახლა არანორმალურად რთული და კომპლექსური პრობლემებია. ევროპაში ინტეგრაცია, ასოცირების და თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულების ხელმოწერა, ძალიან რთული ურთიერთობები რუსეთთან და მოვლენები უკრაინაში. ეს არის დრო, როცა საქართველოში დიდი პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება უშუალოდ ამ პრობლემებს უნდა დაუპირისპირდეს და ყურადღება ერთეულ ადამიანებზე დამყარებულ შიდა კონფლიქტებზე არ გადაიტანოს. მათ, ვისაც საქართველოსი გვჯერა, იმედი გვაქვს, რომ ის, რაც "ქართულ ოცნებას" დაემართა, დემოკრატიის მშენებლობისკენ გადადგმული ნაბიჯი და ბუნებრივი ევოლუციაა და არა ერთმანეთთან დაპირისპირებული ერთეული ლიდერების მოძველებული პოლიტიკა", - განაცხადა კენეტ იალოვიცმა.
ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერ სისტემაში ყოველთვის იქნება პოლიტიკური დაპირისპირებები, მაგრამ ეს იდეების და საკითხების, თუ საპარლამენტო განხილვების დონეზე უნდა იყოს და არა იმ ჭრილში, რომელიც თანამდებობის პირების დათხოვნის შემდეგ ერთმანეთის მიმართ ბრალის წაყენების პერიოდში მოვისმინეთ. 

"ეს ბევრში ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს საქართველო უკან ბრუნდება. არასასიამოვნოა, რა თქმა უნდა, და იმედი მაქვს, რომ არასწორი შთაბეჭდილებაა. დიახ, მიზანი და სტანდარტი ძალიან მაღალია და მისი ხელოვნურად ამაღლება არ ხდება. ორი - საპარლამენტო და საპრეზიდენტო - არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მაგრამ ჯერ კიდევ შესაქმნელია ინსტიტუტები, დემოკრატიული სტრუქტურა, ჩონჩხი. სწორედ ის, რაზეც პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გაამახვილა ყურადღება. დემოკრატიის მშენებლობა ძალიან რთული და ძნელი პროცესია. მაგრამ ამას მოელიან საქართველოსგან და იმასაც, რომ სწრაფვა დასავლეთის და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მდგრადი იყოს და რომ ხელისუფლების ახალმა სახეებმა ვერბალური დაპირებები საქმით დაამტკიცონ", - განაცხადა კენეტ იალოვიცმა.