„სოლოლაკის მთის ოფშორი“ - „ის ცდილობს დაუგდოს ფასი ქვეყანას“

„სოლოლაკის მთის ოფშორი“ - „ის ცდილობს დაუგდოს ფასი ქვეყანას“

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს მოკლას პოლიტიკური პროცესი და ქვეყანას ფასი დაუგდოს, მისი თქმით ის ამიტომ უწოდებს საქართველოს ღარიბ ქვეყანას და პატარა სოფელს. სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილი ქვეყანას სოლოლაკის მთის ოფშორიდან მართავს

„საქართველოს ჰქონდა უნიკალური შანსი 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ, რა თქმა უნდა, თვითონ ეს ჯგუფი, უფრო სწორად ივანიშვილი, რომელიც მოვიდა და მოიყვანა რაღაც ჯგუფი, ნამდვილად არ იყო პროგრესზე მიმართული.

პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში მიდის ბრძოლა რეგრესისა და პროგრესის ძალებს შორის. მთელ მსოფლიოში. ეს მარტო საქართველოში არ ხდება. და 2012 წელს, რა თქმა უნდა, საქართველოში გაიმარჯვა რეგრესის ძალამ. ეს საერთოდ არანაირ ეჭვს არ იწვევს. ისინი მოვიდნენ რეგრესის ლოზუნგებით ღიად. ფარულადაც კი არა. დაწყებული იმით, რომ ჩვენი შექმნილი ინსტიტუტები არ მოსწონდათ, დამთავრებული იმით, რომ აპირებდნენ შენობების დანგრევას. მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში დაიკარგა არა მხოლოდ ტემპი, არამედ დაიკარგა განწყობა, განწყობა და აი, ის დრაივი, რომელიც ნამდვილად არსებობდა! დრაივი პოლიტიკური კატეგორიებით არ იზომება.

ქვეყანაში 9 წლიდან 8 წელიწადი პოზიტიური საემიგრაციო ბალანსი იყო. ეს რას ნიშნავს: მეტი ადამიანი ბრუნდებოდა, ვიდრე მიდიოდა. ეს არის დრაივის უტყუარი ნიშანი. იმიტომ რომ ჩვენი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი არ განაპირობებდა ამ პროცესს. ეს განაპირობა განწყობამ, ეს განაპირობა მომავლის პერსპექტივის განცდამ, და, სამწუხაროდ, ეს არის დაკარგული. და ამის დაკარგვა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც უარესდება, ან დანაშაულის პარამეტრები.

ეს არის ოლიგარქის მცდელობა, რეალურად მოკლას პოლიტიკური პროცესი, ის ცდილობს დაუგდოს ფასი ქვეყანას, ამიტომაც არის, ისტერიულად რომ იმეორებს, რომ ქვეყანა არის ღატაკი, ღარიბი, უმნიშვნელო სოფელი. იმიტომ რომ მთელი მისი ცხოვრება ის აკეთებდა ორ რაღაცას: ყიდულობდა ფასდაგდებულ აქტივებს, იაფად იგდებდა ხელში და მეორე – მართავდა ოფშორიდან თავის საწარმოებს. ადამიანები არ იცვლებიან: ის დღესაც ოფშორიდან მართავს, ოღონდ ეს არ არის კაიმანის კუნძულების ოფშორი, ეს არის სოლოლაკის მთის ოფშორი. რას ნიშნავს ოფშორიდან მართვა? თვითონ არაფერზე აგებს პასუხს და ყველაფერს თვითონ განკარგავს, ეს არის ოფშორის პრინციპი და მეორე: ის ცდილობს, რომ ფასი დაუგდოს ქვეყანას, იმიტომ რომ ასე უფრო ადვილად შეუძლია ბოლომდე ხელში ჩაიგდოს. ამიტომაც არის, ასე რომ აკეთებს: რომ არ გვინდა ჩვენ მსოფლიო რუკაზე ბრუნვა, არ გვინდა ხმაურის ატეხა, არ გვინდა თავის შეწუხება, ჩვენ ვართ რეალურად ღატაკი ქვეყანა. მე დამჭირდა ძალიან დიდი დრო, რომ სიტყვა ღატაკი ამომეგდო საქართველოს განსაზღვრებიდან. ყველა უცხოური გაზეთი საქართველოს განმარტავდა როგორც tiny corrupt, corruption-ridden country 5, 6, 7 წლის წინ. მაგრამ მთავრობა შეგნებულად აპირებდეს უკან ამის დაბრუნებას? აი, ეს არის პოლიტიკური პროცესის მოკლე დახასიათება“ - განაცხადა სააკაშვილმა ფორბსისთვის მიცემულ ინტერვიუში